საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრი - დავით გოგიშვილი - ჟურნალ „ლიბერალის“ რუბრიკა „ორ აზრში“ თემაზე „უნდა აიკრძალოს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკა საჯარო ადგილებში?“ ოპონენტი - კანონპროექტის „თავისუფალი ქარტიის“ ავტორი გიორგი თორთლაძე.

 

„უნდა აიკრძალოს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკა საჯარო ადგილებში?"

მომხრე
გია თორთლაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა პერიოდმა ინტელექტუალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, საშინელი დაღი დააჩინა, საბჭოთა სიმბოლიკა და სახელწოდებები უნდა აიკრძალოს. რატომ უნდა ერქვას გურიაში ერთ-ერთ სოფელს "ოქტომბერი"?! მას ხომ კომუნისტებამდე მშვენიერი სახელი - ჯვარცმა ერქვა.

საბჭოთა სიმბოლიკის არათუ არსებული ნიმუშები უნდა მოვსპოთ, არამედ კანონით უნდა ავკრძალოთ ამ სიმბოლოების გამოყენება. თავი უნდა დავიზღვიოთ, რათა ხვალ, ზეგ ვინმეს არ გაუჩნდეს სურვილი და საბჭოთა ლიდერის სახელი არ დაარქვას ქუჩას, პარტიას, ან საბჭოთა სტილის ბარელიეფი არ გააკეთოს.

მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული ქანდაკებები, ნაგებობები და სახელწოდებები უნდა დავივიწყოთ. ეს სიმბოლიკა იმ იდეოლოგიის ნაწილია, რომელსაც საქართველო სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს.

ზოგიერთი ოპონენტისგან მომისმენია, რომ ეს ჩვენი ისტორიაა და ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ. მე მათ შევახსენებ, რომ ასეთივე ისტორიაა "დიდი თურქობა" და "დიდი არაბობა", მონღოლების პერიოდი. მათი მოსაგონარი სიმბოლოებიც უნდა დავტოვოთ, რომ გვქონდეს?

მე რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში მენახა საბჭოთა სიმბოლიკა, ვიფიქრებდი, რომ ამ მთავრობას საბჭოთა რეჟიმის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ევროინტეგრაციისკენ და ამ საკითხში მათი გამოცდილებაც უნდა გავიზიაროთ. მაგალითად, ბალტიის სამმა ქვეყანამ უკვე მიიღო ეს კანონი. 2006 წლის 25 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებად არის აღიარებული. ბოლო ეტაპიღაა დარჩენილი, რომ ფაშისტური და საბჭოთა სიმბოლიკა გათანაბრდეს ერთმანეთთან.

კანონი არ შეეხება კერძო კოლექციებში შენახულ მონეტებს და სხვა ისტორიულ ნივთებს. ასევე, ნებისმიერ ადამიანს კვლავ ექნება უფლება, გააკეთოს საბჭოთა ლიდერის ბიუსტი და დაიდგას სახლში. თუმცა ამის გარეთ გამოტანა და საჯარო ადგილას დადგმა უნდა აიკრძალოს. ასევე, თუ საბჭოთა სიმბოლიკა კომერციული ობიექტის სახელწოდების ნაწილია (იგულისხმება კაფე "კგბ") და მეპატრონეები ამას არა ხუმრობით, არამედ პირდაპირი დატვირთვით გულისხმობენ, ახალი კანონის მიხედვით, ეს ობიექტი შესაძლოა, დაიხუროს.

ჩვენ ვერ და არ ვიქნებით ლოიალური კომუნისტური ლიდერებისადმი, რომლებმაც სისხლის გუბეები დააყენეს და 20 წლის განმავლობაში ანადგურებდნენ ჩვენს საზოგადოებას."

 

 „მოწინააღმდეგე
  დავით გოგიშვილი
   საჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

   მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს დაშლიდან უკვე თითქმის 19 წელი გავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში სიმბოლოებზე, ძეგლებზე თუ ტოპონიმიკაზე ორიენტირებული განცხადებების გარდა არაფერი გვინახავს. დღეს შენობების ფასადებიდან ვარსკვლავების და ურო-ნამგლების ჩამოფხეკა კვლავ ასეთივე ზედაპირული მიდგომის გაგრძელება მგონია.


საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა და განადგურება ყველაზე მეტად საქართველოში არსებულ არქიტექტურულ მემკვიდრეობას შეეხება, რომელიც ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, "იმელის" შენობა თავისი თავდაპირველი დანიშნულების და უნიკალური ინტერიერის გარდა, ადგილია, სადაც მუშაობდა საქართველოს პარლამენტი, 1995 წელს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია და სადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოღვაწეობდა. ამავე შენობაში არსებობდა ერთ-ერთი უძვირფასესი ბიბლიოთეკა, რომლის დიდი ნაწილი დაუდევრობის თუ სხვა მიზეზთა გამო ნაწილობრივ განადგურდა.

საქართველოს საბჭოთა წარსულის გააზრება უმნიშვნელოვანესი საკითხია. გააზრება გონებრივი პროცესია და შესაბამისად, საზოგადოების დესოვეტიზაციის საშუალებებს შორის პრიორიტეტი სწორედ რომ ყველაზე ეფექტურს - განათლებას უნდა ენიჭებოდეს. ინფორმირებული ადამიანის გონებაში სტალინის ძეგლის თუ საბჭოთა ვარსკვლავის დანახვა არანაირ სახელმწიფოსთვის „საშიშ" ასოციაციას არ გააჩენს.

თუ მიზნად დავისახავთ, გავთავისუფლდეთ იმ მატერიალური ნარჩენებისაგან, რომელიც საბჭოთა სისტემამ დაგვიტოვა, გამოვა, რომ თბილისის განაშენებული ტერიტორიის ნახევარი მაინც მიწასთან არის გასასწორებელი. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორიული მჩაგვრელებიც და ნახევრად განადგურებულ თბილისს ძველი თბილისის დიდი ნაწილიც მივაყოლოთ.

პრობლემის გადაჭრა მასზე თვალის დახუჭვით ან აკრძალვით, ჩემი აზრით, ყოველთვის იმ მხარის სისუსტეზე მიუთითებს, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც პრობლემა მენტალურია და ადამიანის თუ მთელი საზოგადოების აზროვნებასთან არის დაკავშირებული."

 

წყარო: ჟურნალი „ლიბერალი“ 18 ოქტომბერი, 2010