დავით გოგიშვილი

დავით გოგიშვილმა (1988) 2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადობრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამა. ამჟამად გადის სადოქტორო პროგრამას ამავე მიმართულებაზე. სამომავლოდ აპირებს კიდევ ერთი სამაგისტრო კურსის გავლას ქალაქების გეოგრაფიასა და გეოინფორმაციულ სისტემებში.

ამჟამად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია JumpStart Georgia-ში (Open Maps Caucasus), რომელიც კონცენტრირებულია საზოგადოებრივ სარგებლობაში არსებული ელექტრონული რუკების შექმნაზე, ინფორმაციის საჯაროობასა და მონაცემთა მარტივ და ეფექტურ გაზიარებაზე საქართველოში.

იგი თავიდანვე ჩართული იყო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საქმიანობაში და პროექტის „წითელი ტერორის ტოპოგრაფიას“ ფარგლებში განახორციელა მცირე კვლევითი სამუშოები; მართავს ორგანიზაციის ვებ აქტივობებს და სხვადასხვა პროექტისათვის მუშაობს რუკების შექმნაზე. ავტორია „წითელი ტერორის ტოპოგრაფიის“ ისტორიული მარშრუტის რუკის.

დავით გოგიშვილი არის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ასევე კოორდინირებს პროექტს „ვირტუალირი პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება“.

მისი ინტერესებია საბჭოთა ისტორია, საბჭოთა ქალაქები და გეგმარება, გეოინფორმაციული სისტემები.

ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძე სწავლობდა ლიტერატურისმცოდნეობას და ენათმეცნიერებას, დიპლომი გერმანისტიკაში (ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, თბილისი; ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, იენა), თეოლოგიას (ბერნის უნივერსიტეტი), პოლიტოლოგიას (პოტსდამის უნივერსიტეტი), დისერტაციის "ქართულ-გერმანული ურთიერთობები პირველ მსოფლიო ომში" წერა დაიწყო ბერლინის ჰუმბოლდიტის უნივერსიტეტში, დაიცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 
ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც ლექციებს კითხულობს საბჭოთა კავშირის ისტორიაზე და ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.
 
არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამაარსებელი. და გამგეობის წევრი. ორგანიზაციის საქმიანობაში თავიდანვე იყო ჩართული, როგორც მკვლევარი "წითელი ტერორის ტოპოგრაფიის" პროექტში.
 

ირაკლი ხვადაგიანი

ირაკლი ხვადაგიანი (1988) 2005-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის სპეციალობაზე.

2010 წლიდან სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ფაკულტეტზე, სპეციალობა - კავკასია ევროპულ და გლობალურ კონტექსტში.

მისი ინტერესის სფეროებია: კავკასიის უახლესი ისტორია, XX საუკუნის 20-იანი წლები; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-21 წწ; კავკასიური ემიგრაციის ისტორია. მომავალში გეგმავს XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ანტისაბჭოთა მოძრაობის და ქართული ემიგრაციის ისტორიის გამოკვლევას.

ირაკლი ხვადაგიანი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტის „წითელი ტერორის ტოპოგრაფიის“ მიმდინარეობისას ჩაერთო ორგანიზაციის საქმიანობაში და დღემდე აქტიურად მონაწილეობს ლაბორატორიის კვლევით საქმიანობაში. 2011 წლიდან არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამგეობის წევრი.

ანა მარგველაშვილი

ანა მარგველაშვილმა (1975) დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი (1997), ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2003) იურისტის სპეციალობით და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურა  (2006) სამართლის მაგისტრის (LLM) ხარისხით.
 
1996-2000 წწ. მუშაობდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტში  ”საქართველოს სოფლის მეურნეობის კერძო სექტორის განვითარება”თარჯიმნად; 2000-2003 წწ. ამავე ორგანიზაციის პროექტში ”საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერა” - პროექტის კოორდინატორად.
 

2005-2006 წწ. იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე; 2006-2010 წწ. მუშაობდა კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში - საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და სათემო განვითარების პროგრამის კოორდინატორად.
 

2010 წლიდან არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და პროექტის ”წითელი ტერორის ტოპოგრაფია” კოორდინატორი; 2011 წლიდან - სათემო განვითარების ცენტრის დირექტორი.

გიორგი შაიშმელაშვილი

გიორგი შაიშმელაშვილმა (1984) დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
 
დღეისათვის მუშაობს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში და არის ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საქმიანობაში თავიდანვე იყო ჩართული, როგორც მკვლევარი "წითელი ტერორის ტოპოგრაფიის" პროექტში.
 
არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დამაარსებელი და გამგეობის წევრი.
 
მისი ინტერესის სფეროებია: კონფლიქტების ანალიზი და ტრანსფორმაცია, ნაციონალიზმი, საბჭოთა წარსულის გააზრება, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ინტეგრაცია და უფლებების დაცვა.