1924 წლის აჯანყება სამეგრელოში

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია იწყებს სტუდენტების, ისტორიკოსების და საბჭოთა პერიოდით დაინტერესებული ადამიანების კვლევებისა და სტატიების გამოქვეყნებას. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა წარსულის კვლევასა და გააზრებას. ჩვენს ბლოგზე მსგავსი მასალების გამოქვეყნება ერთ-ერთი საშუელებაა ამ მიზნის მისაღწევად.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსობრივ და ფაქტობრივ მხარეზე. ორგანიზაცია შეიძლება არ იზიარებდეს სტატიის ან კვლევის ავტორის მოსაზრებას.

პირველი ნაშრომი, რომელსაც ვაქვეყნებთ ეკუთვნის არჩილ თოდუას, რომელიც 1924 წლის აჯანყებაზე მუშაობს. სტატია უშუალოდ ეხება აჯანყების დეტალებს სამეგრელოში.

 

ავტორი: არჩილ თოდუა


1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა საქართველო დაიპყრო. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, თუმცა მიუხედავად ამისა ანტისაბჭოთა განწყობა ქყვეყანაში არ შენელებულა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გარდა, ცხადია, ბოლშევიკებისა, დაიწყო მზადება აჯანყებისათვის დამოუკიდებლობის აღგენის მიზნით.


ყურადსაღებია, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო უმაყოფილო, ბოლშევიკებს დღიდან საქართველოს გასაბჭოებისა ჰყავდათ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი.

1922 წლის შუა ხანებისათვის ანტისაბჭოთა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიეს - ჩამოყალიბდა დამოუკიდებლობის კომიტეტი და ამავე წლის შემოდგომაზე ე.წ. სამხედრო ცენტრი, რომლის უშუალო დანიშნულებას აჯანყების მომზადება წარმოადგენდა.

ამ პედიოდში მომხდარმა ლოკალური ხასიათის მქონე შეიარაღებულმა გამოსვლებმა სვანეთში, ხევსურეთსა და გურიაში მარცხი განიცადეს. არც გენუის საერთაშორისო კონფერენციის შედეგები გამოდგა საქართველოსათვის სახარბიელო - მის სხდომაზე არც კი დაუშვეს ემიგრაციაში მყოფი მთავრობის წარმომადგენლები.

მზადებამ აჯანყებისათვის საკმაოდ აქტიური ხასიათი მიიღო. სამეგრელოში აჯანყებისათვის პრაქტიკული მუშაობა 1924 წლის ზაფხულიდან დაიწყო. რეგიონის სამხედრო შტაბში არსებული წინააღმდეგობების დაძლევის შემდგომ (გენერლამა თოფურიამ და პოლკოვნიკმა ჯიჯიხიამ ბოლო მომენტში უარი თქვეს აჯანყებაში მონაწილეობაზე) აჯანყების საერთო მეთაურად დაინიშნა დავით მხეიძე (მასვე უნდა ეხელმძღვანელა აჯანყებისათვის სენაკის მაზრაში), ზუგდიდის მაზრაში კი აჯანყებლებს ესტატე ლატარია ჩაუდგა სათავეში.

რეგიონალური პარიტეტული კომიტეტის წარმომადგენლების ძმები შალვა და აკაკი კალანდარიშვილების, სენაკის სამაზრო კომიტეტის ხელმძღვანელის ვანო ესვანჯიას, ასევე დავით მხეიძისა და ესტატე ლატარიას მტკიცებით სამეგრელოში მოქმედი რაზმები მზად იყვნენ აჯანყებისათვის.

პარიტეტის წევრმა თედო ესართიამ რეგიონში მოქმედ ყველა ძირითად რაზმს აცნობა აჯანყების დაწყების ზუსტი თარიღი. სენაკში აჯანყებულთა ძირითად ძალას წარმოადგენდა აქვე მოქმედი ორასკაციანი ორი შეიარაღებული რაზმი. ზუგდიდის მაზრაში პარიტეტის მთავარი დასაყრდენი ესტატე ლატარიას განკარგულებაში არსებული რაზმი იყო. შეირაღებული რაზმები იყვნენ ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხის, უშაფათის, აბაშის რაიონებშიც, თუმცა ისინი რიცხობრივად მეტად ჩამორჩებოდნენ ადგილობრივ კომუნისტებს და მათი წარმატება აჯანყებისას უშუალოდ ზუგდიდისა და სენაკის რაზმებზე იყო დამოკიდებული.

აჯანყებულთა პარალელურად ემზადებოდნენ კომუნისტებიც, მათ წინასწარვე (ჩეკას კარგი დაზვერვითი სამუშაოების შედეგად) ჰქონდათ დაწვრილებითი ინფორმაცია აჯანყებულთა გეგმებზე.

29 აგვისტოს ღამის პირველ საათზე ზუგდიდის მილიციის ხელმძვანელმა იოსებ ჯანაშიამ მიიღო ცნობა, რომ სენაკის მაზრაში უკვე დაიწყო გამოსვლები. აჯანყებულებმა ზუგდიდზე იერიში 29 აგვისტოს დილის ოთხ საათისათვის მიიტანეს. ზუგდიდის მილიციის ხელმძღვანელობა თავად ჩიქოვანის ყოფილ სასახლეში იყო გამაგრებული (ეს იყო ინფორმპუნქტისა და ადგილობრივი ფოსტის შენობა), აჯანყებულთა შტაბი კი - მაცხოვრის კარის გორაზე მდებარე ეკლესიაში.

გამთენიისას დაწყებული შირაღებული დაპირისპირება დღისით მთელი ქალაქის მასშტაბით გაიშალა. ბრძოლები პერიოდულად მიმდინარეობა საინფორაციი პუნქტის შენობასთან, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის საავადმყოფოს შენობასთან, ციხის ტერიტორიაზე.

ადგილობრივმა მილიციამ ვერ გაუძლო აჯანყებულთა მასიურ შემოტევებს. დაიწვა ინფორმპუნქტის შენობა, აჯანყებულებმა ხელთ იგდეს აღმასკომის შენობაში შენახული იარაღისა და ტყვია-წამლის მარაგი. შეტაკებისას დაიღუპა მილიციის უფროსის თანაშემწე გრიგოლ როგავა და წალენჯიხის ბიუროს უფროსი გოგია. აჯანყებულთა წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო სამხედრო კომისარ ჩიჩუას რაზმმაც. ადგილობრივი კომინისტებისა და მილიცეილთა მდგომარეობა სულ უფრო კრიტიკული ხდებოდა
.
29 აგვისტოს, დილით ზუგდიდის უდიდესი ნაწილი უკვე აჯანყებულთა ხელში იყო.. მათ დაიწყეს პასუხისმგებელი კომუნისტების განიარაღება და დაპატიმრება. ჩამოაყალიბეს ქალაქის დროებითი მმართველობა, სამხედრო საქმეების გაძღოლა ესტატე ლატარიამ სოც-დემოკრატ ვლადიმერ გეგეჭკორს დაავალა.

30 აგვისტოს აჯანყებულებსა და მილიციელებს შორის შეტაკება მოხდა ზუგდიდის ციხის ტერიტორიაზე. შეაიაღებული დაპირისპირების შედეგად ორივე მხარემ დაკარგა რამდენიმე მებრძოლი, თუმცა გვიან ღამით ზუგდიდში კომუნისტების ახალი ძალები შემოვიდნენ სამურზაყანოდან გალის საოლქო კომიტეტის მდივნის ნიკოლოზ აქირთავასა და საინფორმაციო პუნქტის უფროსის შარიას მეთაურობით.
ნ. აქირთავას რაზმი დაკომპლექტებული იყო გამოცდილი მებრძოლებისაგან და რიცხობრივად ერთი ორად აღემატებოდა აჯანყებულებს, ამიტომ ადვილად შეძლეს აჯანყებულთა დამარცხება და მათ მიერ დაკავებული ყველა შენობის გათავისუფლება.

40 მებრძოლის ამარა დარჩენილმა ესტატე ლატარიამ 30 აგვისტოს საღამოს მიიღო გადაწყვეტილება ახალსენაკის მიმართულებით დახევის შესახებ. თუმცა სოფელ ცაიშშთან მათ მოუხდათ ბრძოლა სოფელ ჯოღეჯიანში მცხოვრები კომუნისტებისგან შემდგარ რაზმთან, რომელსაც კომუნისტი თოლორაია ხელმძღვანელობდა. ლატარიას რაზმმა ამ ბრძოლაში სრული კრახი განიცადა, რამდენიმე მათგანი, მათ შორის ესტატე ლატარია დააპატიმრეს, სხვები კაი გაიფანტნენ.

ხობის რაიონში აჯანყებას სოციალ-ფედერალისტი ბესარიონ ჯორჯიკია ხელმძღვანელობდა. აჯანყებულებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ხობი, სამხედრო შეტაკება მხოლოდ რამდენიმე სოფელში მოხდა. 31 აგვისტოს აჯანყებულებმა მზვერავისაგან გაიგეს, რომ ფოთიდან ხობს მეზღვაურთა ასეული უახლოვდებოდა შალვა არჩილის ძე ცქიტიშვილის მეთაურობით. აჯანყებულებმა ჯერ საზღვრის გამაგრების გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ მალევე მიხვდნენ ამის უაზრობას და პირველივე შეტაკებისას გაიფანტნენ.

აჯანყება ჩხოროწყუშიც 29 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო. მთავარ რაზმს სპირიდონ შენგელია ხელმძღვანელობდა. აჯანყებულებმა ძალაუფლების შენარჩუნება 30 აგვისტოს საღამომდე მოახერხეს და საბოლოოდ ვერ გაუძლეს რა მილიციელთა შემოტევას, გაიფანტნენ და წალენჯიხის გავლით სვანეთს შეაფარეს თავი.

აჯანყება დამარცხდა წალენჯიხაშიც.

აჯანყება მასშტაბური იყო სენაკის მაზრაში. 28 აგვისტოს, დილით გამართულ სენაკის მაზრის სამხედრო შტაბისა და პარიტეტული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შემუშავდა სენაკის რაიონის აღების კონკრეტული გეგმა. აქ მოქმედი 200-კაციანი რაზმი გაიყო ორ ჯგუფად: პირველი რაზმის მეთაურად დაინიშნა დავით მხეიძე, ხოლო მეორისა - აქვსენტი შალამბერიძე.

აჯანყებულებს გამოსვლის საწყისი ეტაპისათვის გარკვეული მიზნებიც ჰქონდათ დასახული – მათ უნდა განეიარაღებინათ ქალაქში მყოფი მილიციელები და ხელთ ეგდოთ მაზრის პარტკომის შენობაში არსებული იარაღისა და ტყვია-წამლის მარაგი. ასევეუ უნდა დაეპატიმრებინათ კომუნისტები – ბესარიონ მელიქიძე და სამსონ მამულია, რადგანც ფიქრობდნენ, რომ მათ კრიტიკულ მომენტში შეეძლოთ ძალების მობილიზება და ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა აჯანყებულთათვის.

სენაკის მაზრის აღების შემდგომ აჯანყებულებს სურდათ ზუგდიდისა და სამურზაყანოს გაერთიანებულ ძალებთან ერთად ფოთზე იერიშის მიტანა. მერე კი სამეგრელოს აჯანყებულები სვანეთიდან ჩამოსულ რაზმებს უნდა შეერთებოდნენ და ბრძოლა წამოეწყოთ სოხუმის ოლქის გასათავისუფლებლად.

სენაკის მაზრის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ გრიშა მალანიამ, მას მერე რაც მიიღო დაშიფრული დეპეშა აჯანყების დაწყების ზუსტი თარიღის შესახებ, სამხედრო კომისრის ბაგრატ აფაქიძის დახმარებით შეკრიბა სენაკის მაზრის ყველა რაიონის ხელმძღვანელი, გააცნო შექმნილი მდგომარეობა და ჩაუტარა ინსტრუქტაჟი საბრძოლო მოქმედებაზე, დაუსახა ამოცანები, თუ როგორ გაემაგრებინათ რაიონის ცენტრები.

ღამის სამი საათისთვის. დავით მხეიძემ რაზმები საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა. რამდენიმეწუთიანი შეტაკების შემდეგ აჯანყებულებმა დაიკავეს აღმასკომის შენობა, რა დროსაც მსუბუქად დაიჭრა ორი მებრძოლი. აჯანყებულებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს პარტკომის, “სტანციის” და ფოსტის შენობების დაკავება. დააპატიმრეს ციხის უფროსი და პატიმრები გაათავისუფლეს. პარიტეტულმა კომიტეტმა კი ციხის ახალ უფროსად გრიშა სპირიდონის ძე მატახერია დანიშნა.

აჯანყებულები პარალელურად მოსახლეობაში ავრცელებდნენ პროკლამაციებსაც, რომელშიც შეახსენებდნენ მათ, თუ როგორ მოახდინა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ანექსია და მოუწოდებდნენ აჯანყებაში მონაწილეობისაკენ. ამ მოწოდებებს მოსახლეობის ნაწილი გამოეხმაურა. ისინი სხვადასხვა სახით უწევდნენ აჯანყებულებს დახმარებას, ძირითადად კი სურსათ-სანოვაგით. ასევე ავრცელებდნენ ინფორმაციას - თითქოს აჯანყდა მთელი კავკასია, რომ დასავლეთი ევროპა მზად იყო დახმარება აღმოეჩინა აჯანყებულთათვის.

29 აგვისტოს ღამით შეიკრიბა პარიტეტული კომიტეტი, რომელმაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნა, რომ სამეგრელოს სხვა რეგიონებში სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელო იყო. საშიშროება მოდიოდა იმერეთიდან და გურიიდანაც, რადგან ამ კუთხეებიდან წამოსულ ჯავშანტრასპორტიორებს შეეძლოთ სამეგრელოს აჯანყების სისხლში ჩახშობა, თუმცა დავით მხეიძის რაზმმა წარმატებით მოიგერია ამ ძალების პირველი შემოტევა, რამაც, თავისთავად ცხადია, აჯანყებულები გაამხნევა.

29-31 აგვისტოსა და 1-ლი სექტემბრის საღამო ხანებამდე აჯანყებულები სრულ ძალაუფლებას ფლობდნენ ქ. ახალსენაკში. თუმცა 1-ლ სექტემბერს, საღამო ხანს, კომუნისტების ახალი ძალების შემოსვლის პარალელურად ახალსენაკში განახლდა სროლები. აჯანყებულთა მხარეს ქალაქ ახალსენაკსა და მის რაიონში დანაკარგი მნიშვნელოვანი იყო. შეტაკებისას დაიღუპა 49 აჯანყებული.


კომუნისტების მხრიდან დანაკარგი უმნიშვნელო იყო, რაც განპირობებული იყო პირველ რიგში იმით, რომ აჯანყებულებს არ გააჩნდათ სათანადო საბრძოლო საშუალებები. ამავე დროს ისინი გადამწყვეტ ბრძოლას გაურბოდნენ, რათა დაეცვათ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი რაზმები სრული განადგურებასაგან.

აჯანყებულებმა ვერ გაუძლეს შტურმს და დატოვეს ქალაქი იმ იმედით, რომ მოგვიანებით კვლავ განეხორციელებინათ მასზე იერიში.

ახალსენაკიდან უკანდახეულმა აჯანყებულებმა მიზნად დაისახეს, სვანეთისათვის შეეფარებინათ თავი. სოფელ ჭუბერში მათ დახვდათ სვანების 60-კაციანი რაზმი არდევან ჭკადუასა და დავით ნიჟარაძის ხელმძღვანელობით. მათ თავიდან გამოთქვეს ამბოხებაში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ მას მერე, რაც შეიტყვეს, რომ აჯანყება ფაქტობრივად დამარცხებული იყო, უარი განაცხადეს ბრძოლაზე. უფრო მეტიც, გაძარცვეს აჯანყებულები. ამის შემდეგ აჯანყებულთა რაზმმა ცხომარის ტყეს შეაფარა თავი და საბოლოოდ დაიშალა.

ამრიგად, აჯანყებულებმა სამეგრელოში მხოლოდ 3 დღით შეძლეს ძალაუფლების ხელში აღება და ვერ გაუძლეს რა კომუნისტების შემოტევას, საბოლოოდ დამარცხდნენ.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურები აქტიურად განაგრძობდნენ აჯანყებაში მონაწილე პირთა ვინაობის დადგენას, დაპატიმრებას, გადასახლება-დახვრეტას. საქართველოს სახელმწიფო უშიშიროების სამინისტროს არქივში დაცული მონაცემებით 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის სასამართლო განაჩენით დახვრიტეს ასეულობით ადამიანი, მათ შორის ზუგდიდში – 40, ფოთში - 8, ჩხოროწყუში – 17, სენაკის მაზრაში - 122. ათეულობით მებრძოლი დაიღუპა უშუალოდ აჯანყების მიმდინარეობისას.

დახვრეტებს ახორცილებდნენ ე. წ. “სამეულები” და “ხუთეულები”. გადაწყვეტლებები დახვრეტების შესახებ პარტიული და საბჭოთა მუშაკების თანდასწრებით გამოჰქონდათ სპეციალურ სხდომებზე. მაგალითად, 1924 წლის 6 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართა ხუთეულის (ტ. ლაგვილავა, ჯ. ჩიჩუა, მ. შელია, ზ. ზაქარაია, ვ. ბასილაია) სხდომა, რომელმაც მოისმინა “ზუგდიდში შეიარაღებულ ბანდიტურ გამოსვლაში აქტიურად მონაწილე კონტრრევოლუციონერთა საქმე” და მიიღო გადაწყვეტილება 40 კაცის დახვრეტის შესახებ.

აჯანყების აქტიური წევრების ძებნა-დაპატიმრებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. იყო შემთხვევები, როდესაც ძებნილები “ნებაყოფლობით” ბარდებოდნენ, რადგან ვერ უძლებდნენ იმ ზეწოლას, რომელიც მათი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა.
დაკითხვის ოქმების მიხედვით რამდენიმე დაპატიმრებულს ჰქონდა იმედი, რომ აჯანყების გამარჯვების შემთხვევაში სამუშაო ადგილს მიიღებდა, რამდენიმე დაკითხული საერთოდ გაუგებრობის მსხვერპლად მიიჩნევდა თავს, უმრავლესმა მათგანმა წერილობით მოიხადა ბოდიში ამ “დანაშაულისათვის” და გათავისუფლების შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლებისადმი ერთგულების პირობაც დადო.

სამეგრელოში აჯანყების შემდგომ ოფიციალური მონაცემებით 124 კაცი დააპატიმრეს. ხანრგძლივი დაკითხვების შემდეგ დაკავებულთა უმრავლესობა 1924 წლის ნოემბრიდან 1925 წლის თებერვლამდე პერიოდში გაათავისუფლეს, თუმცა მცირე ნაწილი კვლავ რჩებოდა საპატიმროებში.

დახვრეტებისა და დაპატიმრებების პარალელურად მაზრებში მოქმედმა “საკონფისკაციო კომისიებმა” ათეულობით მოქალაქეს ჩამოართვა პირად საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება.
ამრიგად, 1924 წლის აჯანყება სამეგრელოში დამარცხა. აჯანყება ძირითადად განაპირობა მოსახლეობის დიდი ნაწილის მასობრივმა უკმაყოფილებამ, რაც თავის მხრივ 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციითა და მისი თანამდევი მოვლენებით იყო გამოწვეული.
ამ აჯანყების დამარცხება, ბუნებრივია, ჰქონდა თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, რომელთაგან, ჩემი აზრით, ძირითადია შემდეგი:
1. აჯანყება ორგანიზაციული თვალსაზრისით დაბალ დონეზე იყო მომზადებული. ამან კი განაპირობა თუნდაც ის, რომ ჭიათურაში შეიარაღებული გამოსვლა ვადაზე ადრე დაიწყო, რამაც უაღრესად აუარყოფითი გავლენა იქონია აჯანყების ბედზე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით.
2. აჯანყების მონაწილეთაგან უმრავლეს არ ჰქონდა შეიარაღებულ ბრძოლაში მონაწილეობის არანაირი გამოცდილება, მაშინ როდესაც საბჭოთა მხარეს გამოცდილი მებრძოლები (ყოფილი პარტიზანები, მილიციელები, რეგულარული არმიის ჯარისკაცები) იბრძოდნენ.
3. აჯანყების ხელმძღვანელები მოსახლეობის გადმობირების მიზნით ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას - თითქოს აჯანყდა მთელი კავკასია, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი; რომ დასავლეთი ევროპა მზად იყო გაეწია სამხედრო დახმარება აჯანყებულთათვის. ეს სიცრუე ძალიან მალე გამჟღავნდა, რამაც უარყოფითი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია აჯანყებულებსა და მათ მომხრეებზე.
4. აჯანყების მონაწილეთა შეიარაღება ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას.
5. რაოდენობრივად აჯანყებულები ბევრად ჩამორჩებოდნენ კომუნისტთა იმ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში.
6. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დადებითად იყო განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ (ზოგიერთი - პოლიტიკური შეხედულების, ზოგიერთი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გამო; ზოგიც - გამომდინარე იმ სოციალური და მატერიალური სიკეთიდან, რაც საბჭოთა ხელისუფლებისგან მიიღო მისი დამყარების შემდეგ).
7. მიუხედავად აჯანყების სახალხო ხასიათისა, მას არ ჰქონია მასობრივი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან.
8. საბჭოთა ძალები (მილიცია, კომუნისტები, ჯარი) მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად, წინასწარვე შემუშავებული გეგმის მიხედვით.
9. ჩეკამ წინასწარ იცოდა ყველაფერი აჯანყებულთა გეგმების, შემადგენლობის, მომზადების დონის, შეიარაღების ხარიხსისა და ა. შ. შესახებ
10. აჯანყებას არ ჰქონია მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე. დასვლეთმა, პირველ რიგში ანტანტის ქვეყნებმა, ბედის ანაბარა მიატოვეს საქართველო