ზეპირი ისტორია №1 - ირაკლი ციციშვილი

პროექტი „ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრების“ ფარგლებში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია წარმოგიდგენთ ზეპირი ისტორიების ციკლს. პროექტის ფარგლებში ჩაიწერება ისტორიები საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლებთან ან მათი ოჯახის წევრებთან.

 

პირველ ისტორიაში ირაკლი ციციშვილი მოგვითხრობს საკუთარ გამოცდილებაზე, მის მშობელბზე და მის მოღვაწეობაზე საბჭოთა პერიოდში, პატიმრობაში გატარებულ დღეებზე და საბჭოთა ყოველდღიურობის დეტალებზე.

 

 
ირაკლი ციციშვილი დაიბადა 1922 წლის 12 სექტემბერს თბილისში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მამა – დავით ციციშვილი – არტილერისტი, ოფიცერი. დედა –  ნინო ვაშაკიძე, ექიმი, მეან  გინეკოლოგი. სწავლობდა თბილისის  მე–18 სკოლაში. 1937 წელს დაუპატიმრეს და დაუხვრიტეს მამა, ბიძა, დეიდა და სიძე. ამავე წელს მეგობრებთან ერთად დაარსა ორგანიზაცია, რომელის მიზანიც საქართველოს საბჭოთა კავშირისგან გამოყოფა გახლდათ. დააპატიმრეს 1938 წელს და იმავე წელს გაათავისუფლეს. 

 

1940 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 25–ე საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე. 1946 წლიდან პროფესორ ვლადიმერ თოხაძესთან გაიარა ორდინატურა. 1948–1851 წლებში იყო პედიატრიის კათედრის ასპირანტი. 

 

1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე. 1992–1994 წლებში იყო ამავე კათედრის გამგე. 1960–1962 წლებში – პედიატრიის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს მე–4 სამმართველოს კონსულტანტად. 2008 წლიდან საქართველოს პედიატრიული აკადემიის პრეზიდენტია.
 

 

სხვადასხვა დროს კოლეგებთან ერთად უფასოდ სინჯავდა და მკურნალობდა ბავშვებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – სვანეთში, ზემო აჭარაში, მთა–თუშეთში, მთიულეთში.

 

არის 100–ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი.
ამჟამად მუშაობს ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში კონსულტანტად.
 
დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით (1997წელს).
 
2005 წელს მიღებული აქვს ჯილდო "21–ე საუკუნის ჰუმანური პიროვნება". არის თბილისის საპატიო მოქალაქე.