გერონტი ქიქოძის ქ. #11

ამ შენობაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პარტიული მუშაკები და  საბჭოთა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ცხოვრობდნენ.

1921-1941 წწ. ცხოვრობდა  ფილიპე ესეს ძე მახარაძე. ის 1921 წ. საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე იყო; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს, ამიერკავკასიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობაზე.
 
წარმატებული პარტიული კარიერის მიუხედავად, მახარაძეს არ აცდენია 1930-იანი წლების ტერორი. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს მისი სიძე - დავით გრიგორის ძე დოლიძე (ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი), 1938 წელს კი - მისი ძმისშვილი.
 
აქვე 1921-1933 წწ. ცხოვრობდა ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი. იგი 1921 წელს საქართველოში შემოსული წითელი არმიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, შემდგომში ეჭირა სხვადასხვა მაღალი  თანამდებობა საქართველოს და ამიერკავკასიის პარტიულ და სამთავრობო სტრუქტურებში. 1937 წ. აპრილში ორახელაშვილი ასტრახანში გააგზავნეს. იმავე წელს დააკავეს დეკემბერში; შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა ორახელაშვილს დახვრეტა მიუსაჯა.
 
დააპატიმრეს მისი მეუღლეც, მარია მიქელაძე-ორახელაშვილი (1881-1937), პარტიის წევრი 1906 წლიდან, საქართველოს განათლების ყოფილი სახალხო კომისარი; დაკავებამდე მუშაობდა რსფრ-ის განათლების სახალხო კომისარიტის სამმართველოს უფროსად.  1937 წ. მარია მიქელაძე-ორახელაშვილსაც კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
 
ამავე სახლში 1932-1937 წწ. ცხოვრობდა ცნობილი ქართველი დირიჟორი ევგენი სიმონის ძე მიქელაძე. 1937 წლიდან ე. მიქელაძე ხელმძღვანელობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს;  დაარსა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. ე. მიქელაძე იყო მამია ორახელაშვილის სიძე - მისი ქალიშვილის, ქეთევან ორახელაშვილის ქმარი.
 
1937 წ. 13 დეკემბერს ევგენი მიქელაძე დახვრიტეს.
 
ე. მიქელაძის გასამართლების შემდეგ დააპატიმრეს მამია ორახელაშვილის ქალიშვილი და ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილი, რომელმაც  17 წელიწადი გადასახლებაში დაჰყო.
 
აქვე ცხოვრობდა ილარიონ ილარიონის ძე ტალახაძე, რომელიც  1921 წელს  სამხედრო - რევოლუციური  ტრიბუნალის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1921-1922 წლებში იყო სამხედრო-საზღვაო შტაბის კომისარი. 1921-1924 წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა კომისრის მოადგილედ. 1928-1931 წწ. იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 1937-1938 წლებში, როგორც საქართველოს სსრ-ის პროკურორი, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული სამეულის წევრი; მისი გადაწყვეტილებით და ხელმოწერით უამრავი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს.

 

დოკუმენტები არქივიდან