გიორგი ყურულაშვილი

დაიბადა შორაპნის მაზრის დაბა ჩხარში, ხელოსნის ოჯახში. სწავლობდა ჩხარის სამრევლო სკოლაში, რომელიც მალევე მიატოვა ოჯახის ხელმოკლეობის გამო. 1905 წლიდან მუშაობდა შეგირდად ადგილობრივ სამკერვალო სახელოსნოში.


1909 წელს გადავიდა ტფილისში, სადაც სხვადასხვა სახელოსნოებში მუშაობის დროს, 1909 წელს შევიდა რსდმპ-ში (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტი). პარტიის ტფილისის კომიტეტის დავალებით მუშაობდა ორგანიზატორად და მონაწილეობდა ე.წ. „სახალხო უნივერსიტეტის“ საქმიანობაში.


დააპატიმრეს 1910 წლის აპრილში. იჯდა მეტეხის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ კვლავ აგრძელებდა არალეგალურ მუშაობას; აქტიური მონაწილეობა მიიღო ტფილისის მკერავთა გაფიცვაში 1914 წლის დასაწყისში. ამავე წლის აპრილში დააპატიმრეს და სამი თვის შემდეგ გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში, 1915 წლის თებერვალში კი სარატოვში გადაიყვანეს, სადაც განაგრძო არალეგალური საქმიანობა ადგილობრივ მოსახლობასა და გადასახლებულთა შორის. ადგილობრივი პარტიული კომიტეტის დვალებით არალეგალურად წავიდა სამარაში, სადაც მოახერხა მილების დამამზადებელ ქარხნის მუშად მოწყობა. აქვე გახდა ლეგალურად გამომავალი გაზეთის „ჩვენი გაზეთის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1916 წლის აპრილში, ჟანდარმერიის მხრიდან დევნის გამო ყურულაშვილი იძულებული გახდა პერმში გადასულიყო, მაგრამ ორი თვის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა და ირკუტსკის გუბერნიის ვერხოლენსკის მაზრაში გადაასახლა სადაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე იმყოფებოდა. 1917 წლის მარტში დაბრუნდა სამარაში და ისევ მილების დამამზადებელ ქარხანაში განაგრძო მუშაობა. აირჩიეს საქარხნო კომიტეტის წევრად, შემდგომში კი ამავე კომიტეტის თავმჯდომარედ. აქ გიორგი ყურულაშვილი იქცა მელითონეთა პროფკავშირის ჩამოყალბების ერთ-ერთ ინიციატორად, რომლის გამგეობის წევრადაც აირჩიეს, მოგვიანებით კი თავმჯდომარის მოადგილედ. 1917 წლის ბოლოს ყურულაშვილი სამარის პროფსაბჭოს თავმჯდომარეა.


1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, იგი კვლავ რჩება პროფკავშირულ სამუშაოებზე. ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა სამარაში მუშათა რაზმების დაკომპლექტებაში, რომლებსაც შეტაკება უხდებოდათ „ჩეხოსლოვაკიურ კორპუსთან“. ამ უკანასკნელთა მიერ სამარის დაკავების დროს, 1918 წლის ივნის-ივლისში იმყოფებოდა ტყვედ. წითელი არმიის მიერ სამარის დაკავების შემდეგ გათავისუფლდა და გადავიდა პარტიულ სამუშაოზე. 1918-19 წლებში იყო პარტიის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე სამარაში, ასევე საგუბერნიო კომიტეტის წევრი.


1920 წელი იანვრიდან იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასკომის სააგიტაციო მატარებლის „წითელი აღმოსავლეთი“-ს ინსტრუქტორი. 1920 წლის ივნისიდან ყურულაშვილი ბაქოში მუშაობს აზერბაიჯანის კომპარტიის ცეკას ხსაორგანიზაციო- საინსტრუქტორო და აგიტ- პროპის განყოფილებაში, შემდეგში კი აზერბაიჯანის პროფკავშირთა საბჭოში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გიორგი ყურულაშვილი მუშაობდა საქართველოს პროფ საბჭოს მდივნად, კულტსაგანმანათლებლო განყოფილების გამგედ და თავმჯდომარედ. 1926 წლიდან იყო გაზეთ „მუშა“-ს რედაქტორი, ჟურნალ „მნათობი“-ს რედაქტორი. შედიოდა კომპარტიის ცეკასთან არსებული პარტიის ისტორიის კომისიაში. 1928 წლის აგვისტოდან საქართველოს სსრ-ს უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეა. 1927 წლის ივნისიდან 1928 წლის სექტემბრამდე საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი. 1930 წლის ნოემბრიდან საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიუროს პრეზიდიუმის წევრი. 1931 წლის ნოემბრიდან საქართველოს კომპარტიის ცეკას მე-3 მდივანი და ბიუროს წევრი. იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

 


გიორგი ყურულაშვილი 1937 წელს, დაპატიმრებისას, მუშაობდა ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის თანამდებობაზე.


1937 წლის 11 ივლისს, გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა გამოხმაურებები საქართველოს სსრ-ს უზენაესი სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით, რომლის პრესაში გამოცხადების ნებართვა 30 ივნისს, სპეციალურად გამოითხოვა საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანმა ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ, სსრკ-ს პროკურორის ანდრეი ვიშინსკისა და პოლიტბიუროსაგან. საქართველოს სსრ-ს უზენაესმა სასამართლომ რვა განსასჯელს: ბუდუ მდივანს, ნიკოლოზ ქარცივაძეს, სიმონ ჩიხლაძეს, გიორგი ყურულაშვილს, გიორგი ელიავას, მალაქია ტოროშელიძეს, მიხეილ ოკუჯავას და სიმონ ფირუმოვს, კონტრრევოლუციის, ტერორიზმის, მავნებლობისა და შპიონაჟის ბრალდებით სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. გიორგი ყურულაშვილის განაჩენი, „პირველი კატეგორიით“ 26 ივნისის თარიღით, ე.წ. „სტალინის სიებშია“ დაფიქსირებული. 11 ივლისს, გაზეთი „კომუნისტი“ წერდა:


„ . . . საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, მთელი ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი განაჩენია. სოცალისტური, ორდენოსანი საქართველოს გამყიდველთ, მოღალატეთ, საქართველოს და მთელი საბჭოთა კავშირის მშრომელთა სისხლით მოვაჭრეთ - ბუდუ მდივანს და მალაქია ტოროშელიძეს, ოკუჯავას და „ძმათა მათთა“ დანაშაულის ადგილზე წაუსწრეს. ხალხმა ფარდა ახადა მათს ჯაშუშურ, დივერსიულ, გამცემლურ, საზიზღარ, სამარცხვინო საქმიანობას და ღირსეული სასჯელი გამოუტანა - სოციალური დაცვის უმაღლესი ზომა, დახვრეტა.
ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ სცნეს მათ წინაშე წაყენებულ ყველა ბრალდებაში. მათ აღიარეს რომ შედიოდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში, ეწეოდნენ ჯაშუშობას ერთ-ერთი ბურჟუაზიული სახელმწიფოს ფაშისტური წრეების სასარგებლოდ, ახდენდნენ დივერსიულ-მავნებლურ აქტებს საქართველოს სოციალისტურ სახალხო მეურნეობაში.
გადავხედოთ ამ ბანდიტების „მოღვაწეობის“ ისტორიას. ამ არამზადებისათვის, ქვეწარმავლებისათვის განა ახალი საქმეა ხალხის ღალატი, მტრების ბანაკში გადასვლა-მოკალათება, სოციალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება, ჯაშუშობა, პროვოკატორობა? არა, „არ ახალია, ძველია“. თვითეულ ამ არამზადას აქვს ხალხის მოღალატეობის ძველი სტაჟი და სამარცხვინო ისტორია.


(შემდეგ სათითაო ჩამონათვალია ბრალდებების)


. . . ასევე ყურულაშვილიც. 1920 წლიდან აქტიური ტროცკისტი, იგი შენიღბულად „მუშაობდა“. ჭრილობას ჭრილობაზე აყენებდა ჩვენს სახალხო მეურნეობას, მავნებლობდა, ჯაშუშობდა. მაგრამ მას დანაშაულზე პირდაპირ წაასწრეს . . .
. . . ხალხმა გამოამჟღავნა ეს საზიზღრები, არამზადები, ფაშიზმის წინაშე მუცელზე მხოხავნი და რკინის ქუსლით კიდევაც გასრისა ეს ქვეწარმავალნი. შეუპოვარი, მრისხანე და ულმობელია საბჭოთა ხალხი ყველა იმის მიმართ, ვინც ცდილობს წაართვას მას სისხლით მოპოვებული თავისუფლება, დააბრუნოს კაპიტალისტები, მემამულეები, აღადგინოს კაპიტალიზმი და მონობის რკინის უღელი დაადგას ბედნიერ თაობებს.


საქართველოს მშრომელნი კიდევ უფრო შეამჭიდროვებენ თავიანთ რიგებს ჩვენი პარტიული ორგანიზაციის გარშემო, რომელსაც მეთაურობს ლენინ-სტალინის პარტიის ერთგული შვილი, ხალხის მტრებთან ბრძოლაში გამობრძმედილი, ამხანაგი ლავრენტი ბერია.


სოციალიზმის მშენებლობის მთელ ფრონტზე ახალ-ახალი მიღწევებით, ბრწყინვალე გამარჯვებით ვუპასუხოთ ხალხის მტრების თვითეულ მზაკვრულ, გამცემლურ მოქმედებას.“


ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს სასიკვდილო განაჩენის პრესაში გამოცხადების პირველი შემთხვევა იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს პირველ განყოფილებაში (ყოფილი უშიშროების არქივი), არ იძნებნება გიორგი ყურულაშვილის მიმართ საჯელის უმაღლესი ზომის სისრულეში მოყვანის ცნობა. სავარაუდოდ იგი დახვრიტეს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, განაჩენის გამოტანიდან ერთი დღის ვადაში - 1937 წლის 10 ივლისს.


1957 წლის 25 სექტემბერს, სსრკ უმაღლესმა სასამართლომ, სისხლის სამართლის საქმეთა გადამსინჯავი სასამართლო კოლეგიის 29 აგვისტოს განმარტებაზე დაყრდნობით, საქართველოს სსრ-ს უზენაესი სასამართლოს სპეციალური კოლეგიის 1937 წლის 9 ივლისის განაჩენი გიორგი ყურულოვის მიმართ, საქართველოს სსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 58-1, 58-6, 58-8, 58-11 სტ. გააუქმა და სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტა მასში დანაშაულებრივი ქმედებების არარსებობის გამო.

 

გიორგი ყურულაშვილის შვილი - ნანა ყურულაშვილის ზეპირი ისტორია.

 

დოკუმენტები არქივიდან