ორგანიზაცია

2009 წლის 9-10 ნოემბერს კავკასიაში გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (dvv international) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის (Heinrich Boell Stiftung) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის “ტერორის ტოპოგრაფია - საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრება - (სტალინიზმი, ტოტალიტარიზმი, რეპრესიები)” შედეგად, კონფერენციის უშუალო მონაწილეთაგან ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის პირველ პროექტად დაისახა სტალინიზმის, ტერორის და რეპრესიების ტოპოგრაფის თემის დამუშავება და კვლევების დაწყება თბილისში საბჭოთა ტერორის და რეპრესიების სადოკუმენტაციო და საგანმანათლებლო მარშრუტის შესაქმნელად.

საინიციატივო ჯგუფმა 2010 წლის 29 მარტს გაიარა რეგისტრაცია, როგორც არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა: "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია"

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ დღემდე განახორციელა პროექტი „წითელი ტერორის ტოპოგრაფია“. პროექტი ითვალისწინებს თბილისის ცენტრში (სოლოლაკი-მთაწმინდა) რეპრესიებისა და ტერორის მარშრუტის და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, საარქივო, საბიბლიოთეკო მასალებისა, მოგონებების და ზეპირი ისტორიების სინთეზის საფუძველზე. პროექტის ფარგლებში მოპოვებული მასალების საფუძველზე გამოიცა 2010 წლის კალენდარი, რომელიც ტურში შესულ შენობათა ნაწილზე მოკლე ისტორიას წარმოგვიდგენს. 

2010 წლის იანვრის ბოლოს გამოიცემა „წითელი ტერორის ტოპოგრაფიის“ მარშრუტის რუკა.

2011 წლის 25 იანვრიდან, ორგანიზაციამ დაიწყო ახალ პროექტი - "ვირტუალური პლატფორმა - საბჭოთა წარსულის გააზრება". პროექტი ითვალისწინებს სამი ძირითადი ტიპის აქტივობას:

1) 10 დისკუსიის მოწყობას საბჭოთა წარსულის გააზრების და საქართველოს საბჭოთა ისტორიის შესახებ;

2) 10 ზეპირი ისტორიის ჩაწერა საბჭოთა რეპრესიებთან და ტერორთან დაკავშირებით;

3) ორგანიზაციის ვებსაიტისათვის დამატებითი ფუნქციების, მათ შორის ვირტუალური/ინტერაქტიური რუკის დამატებას.

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ორი ლექცია/დისკუსია. დისკუსიის ვიდეო და ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის facebook-ის და youtube-ის გვერდებზე. პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

2011 წლის თებერვალში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ დაიწყო გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციცაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (dvv internetional) ფინანსური მხარდაჭერითკიდევ ერთი პროექტი - "საბჭოთა თბილისი". პროექტის ფარგლებში ორი ძირითადი პროდუქტი შეიქმნება. პირველ რიგში გაკეთდება ახალი ვირტუალური ტური სახელად - საბჭოთა თბილისი, რომელშიც აღინუსხება თბილისის საბჭოთა ისტორიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის შენობები, მოვლენები და ადამიანები. ასევე მომზადდება პუბლიკაცია "წითელი ტერორის ტოპოგრაფია", რომელიც სხვადასხვა ავტორების ესსეების კრებული იქნება და წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურსს.

სამომავლოდ ორგანიზაცია მრავალი კუთხით აპირებს კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის წარმოებას.