არაქელა ოქუაშვილის აკრძალული მოგონებების პრეზენტაცია
12 თებერვალი, 2019


12 თებერვალს, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა არაქელა ოქუაშვილის აკრძალული მოგონებების პრეზენტაცია.

უშუალო, ქალაქური ენით ნაწერი, მისი ფანტასტიკური და ტრაგიკული ცხოვრების გზის ამსახველი ამ მონათხრობის გარდაცვალებიდან 80 წლის შემდეგ გამოქვეყნებით დაიწყო "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" საგამომცემლო სერია - "აკრძალული მეხსიერება".

წიგნის გამოცემაზე 2015 წლიდან მუშაობდნენ "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" და "შენ დემოკრატიისათვის".

არაქელა ოქუაშვილი იყო მუშა-ხალხოსანი, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი უხუცესი და ძველი ბოლშევიკი.
იგი იყო პირველი რევოლუციონერი, ვინაც საჯაროდ აღმართა წითელი დროშა თბილისში საპირველმაისო დემონსტრაციის დროს 1901 წელს. მუშათა მოძრაობაში იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და შემდგომში მას "სტალინის მასწავლებლის" სახელითაც იცნობდნენ. მრავალჯერ დაპატიმრებული და გადასახლებული არაქელა 1905 წლიდან ურყევი ბოლშევიკი იყო, თუმცა 1922 წლიდან მისი და "მოსწავლის" გზები გაიყო. 1920-იანი წლების შუა პერიოდში დაწერილი ეს მემუარები, ავტორის დახვრეტის შემდეგ, 1937 წლიდან მუდმივად საიდუმლოდ ინახებოდა და მას პირველად იხილავს მკითხველი.

წიგნის გაყიდვით მიღებული თანხა მოხმარდება სერიის მომდევნო წიგნის გამოცემას.

წიგნი დაიბეჭდა dvv International-ის და NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.


ფოტო: ნინა ჩაგანავასი