"ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი" - წიგნის წარდგენა
26 თებერვალი, 2020


25 თებერვალს, საქართველოს მწერალთა სახლში წიგნის "ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი" პრეზენტაცია გაიმართა.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ" 1921 წლი­დან ბერლინში პოლიტიკურ ემიგრაციაში მცხოვრები ქალის, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებები წარმოადგინა. იგი თავის სოციალ-დემოკრატ მეუღლეს, მიხეილ წულუკიძეს გაჰყვა ემიგრაციაში და დასახლდა ბერ­ლინში, სადაც ქრისტინემ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება და წარმატებული საექიმო პრაქტიკის მოწყობა შეძლო. მოგონებებში ის სწორედ თავისი ურთულესი ცხოვრებისეული გზის შესახებ მოგვითხრობს.




მოგონებების წიგნად გამოცემის იდეის ავტორის, მკვლევრის, ანა მარგველაშვილის განცხადებით, საგამომცემლო სერიაში პირველად არის ქალის მოგონებები, რომელიც ემიგრაციაში დაიწერა, გადარჩა, ჩვენამდე მოაღწია და შემდეგ გამოქვეყნდა. მისი თქმით, ეს მოგონებები ისტორიას ემიგრაციაში მყოფი ქალის პერსპექტივიდან გვანახებს.

"ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი" სოვლაბის საგამომცემლო სერიის “აკრძალული მეხსიერების” რიგით მესამე წიგნია.

ისტორიკოსი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ "ამ წიგნის არსებობა განპირობებულია საბჭოთა ოკუპაციით, რამდენადაც ეხება ოჯახს, რომელმაც 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის გამო საქართველო დატოვა და ოჯახის არცერთ წევრს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა".

წიგნში ასევე არის შესული ქრისტინეს ძმის იონა თოდუას ე.წ "გაქცევის დღიური", რომელიც 1921 წლის 8 მარტს სამტრედიაში იწყება და 28 აპრილს, კონსტანტინეპოლში სრულდება.

"გაქცევის დღიური”, ასე დავარქვით ამ დღიურს. ამ გაქცევის გზას გადიოდა იონა თოდუა თავის დასთან, ქრისტინე თოდუასთან და მის მეუღლესთან, მიხეილ წულუკიძესთან ერთად", - ამბობს მკვლევარი, ანა მარგველაშვილი.

საგამომცემლო სერიის "აკრძალული მეხსიერება" მიზანია, ისტორიის თეთრი ლაქები ამ პერიოდის თანამედროვე მოწმეთა მეხსიერებით, მონათხრობითა და განცდილით შეავსოს.

პუბლიკაცია გამოიცა მოქალაქეების შემოწირულობებითა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დაფინანსებით.









ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა, რომ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას" სურს რუსეთ-იაპონიის ომის და პირველი რევოლუციის თანატოლის -ელიზბარ მაყაშვილის - "ჩემი თავგადასავალის" გამოცემით გააგრძელოს სერია "აკრძალული მეხსიერება" .