უზენაესმა სასამართლომ "სოვლაბის" საჩივარი არ მიიღო
18 ნოემბერი, 2020


საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, წარმოებაში არ მიიღო “სოვლაბის” მკვლევრის ირაკლი ხვადაგიანის საკასაციო საჩივარი საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ.

მკვლევრის დავა საქართველოს ეროვნულ არქივთან დაიწყო 2017 წლის დეკემბერიდან; ირაკლი ხვადაგიანმა ქალაქ თბილისის არქივიდან მოითხოვა იმ დოკუმენტების ასლები, რომლებიც ძირითადად წარმოადგენდა 1940-იან და 1951 წელს თბილისიდან საბჭოთა რეჟიმის მიერ მასობრივად დეპორტირებული მოქალაქეების ნაწილის მონაცემებს, რომლებიც გულაგს ცოცხლები გადაურჩნენ და გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1955 წლიდან ითხოვდნენ თბილისში საცხოვრებელი სივრცის გამოყოფას. არქივმა მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები (დაახლ. 400 ლარის საფასურით) გასცა - დაშტრიხული ფორმით, სადაც მსხვერპლთა გვარ-სახელის გარდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი იყო წაშლილი (მათ შორის დეპორტირებულთა მისამართებიც, გადასახლების მომენტში), საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ კანონის მუხლის მითითებით, რომლითაც დღემდე იკრძალება “პერსონალური ინფორმაციის” გაცემა მესამე პირზე, დოკუმენტის შექმნის მომენტიდან 75 წლის ვადის გასვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ, ეროვნული არქივის მოქმედება კანონიერად სცნო 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით.

2018 წლის 24 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ასევე არ დააკმაყოფილა საპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლომ იმსჯელა (იხ. განჩინება დანართად.) და დაადგინა, რომ საჩივარი არ იყო მნიშვნელოვანი სფეროში ახალი პრაქტიკის შექმნის კუთხით, ვერ მოიტანდა არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული შედეგს, არ მოიცავდა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შემთხვევას და სამართლის განვითარების პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის იყო უმნიშვნელო.

ჩვენდა სამწუხაროდ, საკასაციო პალატამ, არ გაამართლა მცირე თეორიული მოლოდნიები, რომ იგი კანონის ბუკვალურად წაკითხვის მიღმა, ფართოდშეხედავდა დავის საგანს, მხედველობაში მიიღებდა საარქივო კანონმდებლობის სფეროში არსებულ შეუსაბამობებს სხვადასხვა მარეგულირებელ დოკუმენტებს შორის და ასევე გაითვალისწინებდა, რომ დავა ეხება ისტორიული კონტექსტის ამსახველ წყაროებს - საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულებებს, რომლის ამსახველი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობაზე, სრულიად განსხვავებული და პოზიტიური პრაქტიკა არსებობს ევროპის და დასავლეთის კანონმდებლობაში.

ასევე საგანგაშოა, რომ საკასაციო პალატამ ხაზგასმით დაადასტურა, პირველ და მეორე ინსტანციების სასამართლოების, ჩვენი აზრით აბსურდული მტკიცება, რომ - მკვლევარია ვალდებული არქივს წარუდგინოს საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა გარადაცვალებიდან 30 წლის გასვლის დამადასტურებელი სრულფასოვანი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტები (ასობით და ათობით ათასი ადამიანის შესახებ, როდესაც, ხშირად უშუალოდ “პერსონალური ინფორმაციის” დაცვის საბაბით არქივის მიერ დაშტრიხული მონაცემები თავად მეტყველებენ ამაზე - მსხვერპლთა დაბადების თარიღიდან, სასჯელის ზომიდან გამომდინარე და აშ.) და ასევე უნდა დაამტკიცოს ამ “პერსონალური მონაცმების” გასაჯაროებისათვის - აღმატებული საჯარო თუ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა, რაც ჩვენი აზრით არსობრივად მიუღებელი, უკიდურესად არასამართლიანი და ცინიკური მოთხოვნაა, როდესაც დავა შეეხება - ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საბჭოთა რეჟიმის მიერ კაცობირობის წინააღმდეგ ჩადენილ მასობრივ დანაშაულებების ამსახველ წყაროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოს და არქივს - პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავად მოეპოვება.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” პარტნიორებთან ერთად კვლავ გააგრძელებს საარქივო კანონმდებლობის და საარქივო სივრცის რეფორმირების კამპანიას სხვადასხვა სამართლებრივი გზებით და საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერით.



საქართველოს უზენაესი სასამა... by Soviet Past Research Labora...