სოვლაბის მორიგი სარჩელი არქივების გახსნისათვის
06 აპრილი, 2023


საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია განაგრაძობს საქართველოს სახელმწიფო არქივების კანონიერი გზით იძულებას უზრუნველყონ არქივებში დაცული ინფორმაციის ღიაობა და ხელმისაწვდომობა.

საარქივო სივრცის ელემენტარული სტანდარტია, რომ მოქალაქეს/მკვლევარს შეეძლოს დაუბრკოლებლად და სრულად გაეცნოს არქივში დაცული ფონდების კატალოგს და კონკრეტული ფონდის კატალოგს/ანაწერს, რის შედეგადაც შესაძლებელია მისთვის საინტერესო დოკუმენტის/ინფორმაციის იდენტიფიცირება. თანედროვე ციფრულ ერაში კი, თავისთავად ეს ონლაინაც უნდა იყოს შესაძლებელი.

საქართველოს მთავარ საარქივო ქსელში - საქართველოს ეროვნულ არქივში, ამ ინფორმაციის დიდი ნაწილის სრულფასოვანი გაცნობა ფაქტობრივად მუდამ შეზღუდული იყო და დღემდე ასევე რჩება. კერძოდ, მოქალაქეს/მკვლევარს არ აქვს საშუალება ადგილზე და ონლაინ სრულად გაეცნოს საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის (1921 წლიდან - დღემდე) ფონდების კატალოგს, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი თითოეული ფონდის ისტორიისა და შემცველობის შესახებ. ამავე დროს, ამ ფონდების დიდი უმრავლესობის ანაწერების სრული გაცნობაც გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2017 წელს საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა ეროვნული არქივის სისტემაში არსებული საარქივო ფონდების და ანაწერების გაერთიანებული ელექტრონული კატალოგი. რიგი ტექნიკური ხარვეზების გარდა, კატალოგის მთავარი ნაკლი მდგომარეობს შემდეგში, რომ იგი ასახავს საარქივო ფონდების მხოლოდ - ნომერს, დასახელებას (ცვლილებების ჩვენებით) და დოკუმენტების კიდურ თარიღებს. შესაბამისად, ინფორმაცია, როდის შევიდა არქივში ეს ფონდი შესანახად, რამდენ ანაწერს მოიცავს, რომელი ანაწერი რა მასალას აერთიანებს, ჯამში რამდენი შესანახი ერთეული (საქმეა) ფონდში დაცული და აშ. მოქალაქისათვის უცნობი რჩება. ადგილზე, არქივში ფიზიკურად გაცნობისასაც მდგომარეობა იგივეა, განსხვავებით საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის ფონდების კატალოგისა, რომლის დეტალური ბეჭდური ვერსია ადგილზე ხელმისაწვდომია.


ნიმუში


საქართველოს ეროვნული არქივი კანონზე "ეროვნული საარქივო ფონდის და ეროვნული არქივის შესახებ" დაყრდნობით, "პერსონალური ინფორმაციის" დაცვის საბაბით, პერმანენტულად უზღუდავს მოქალაქეებს უახლესი ისტორიის არქივში დაცული ფონდების დიდი ნაწილის ანაწერების სრულად გაცნობის საშუალებას, რის შესახებაც სოვლაბის მკვლევარს - ირაკლი ხვადაგიანს სასამართლო დავა ჰქონდა გასულ წლებში.

ამჯერად, უახლესი ისტორიის არქივის ფონდების კატალოგისა და ანაწერების გამჭვირვალეობისა და ხელმისაწვდომობის იძულებისათვის, სოვლაბის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა 2022 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული არქივიდან, როგორც საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის "ფონდების ბარათები", რომელიც კანონით უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ფონდის წარმოშობისა და შემცველობის შესახებ.






საპასუხო წერილში ეროვნულმა არქივმა განმარტა, რომ საჭიროებდა დროს ბარათების მდგომარეობის გადასამოწმებლად და ასევე ზეპირი კომუნიკაციისას აღნიშნა, რომ ბარათების ნაწილი არ იყო თარგმნილი ქართულ ენაზე(!!!) და შესაბამისად მათ ელექტრონულ ასლებს ეტაპობრივად გადასცემდა მკვლევარს, რომელთა რაოდენობაც შეადგენდა - 1119 ფონდის ბარათს.




ეროვნულმა არქივმა 2023 წლის 2 მარტს დაასრულა უახლესი ისტორიის არქივის ფონდების ბარათების ელექტრონული ასლების გადაცემა მკვლევრისათვის.


ნიმუში

აღმოჩნდა, რომ ფონდის ბარათები რეალურად შედგენილია კანონით დაწესებული წესების დარღევით. კერძოდ - ბარათებში არ არის აღნიშნული რამდენ ანაწერს მოიცავს მოცემული ფონდი და რა ტიპის მასალებია ამ ანაწერებში გაერთიანებული და შესაბამისი გრაფები შევსებულია ზოგადი ხასიათის ინფორმაციით დოკუმენტაციის თემატიკის შესახებ. საბედნიეროდ, ყველა ბარათში კანონის შესაბამისად აღნიშნულია საქმეთა რაოდენობის ("აღწერილი შესანახი ერთეული") ჯამური რიცხვი, რაც ამიერიდან მოქალაქეებს/მკვლევრებს საშუალებას მისცემს განსაზღვროს რამდენად სრულყოფილად აძლევს არქივი საშუალებას გაეცნოს ამა თუ იმ ფონდის ანაწერებს და რაოდენობრივად დოკუმენტაციის რა ნაწილზე უზღუდავს წვდომას. უახლესი ისტორიის ცენტრალურ სახელმწფიო არქივში მსგავსი პრაქტიკა პერმანენტულად ფიქსირდება; რიგ შემთხვევაში მკვლევარს არქივი წარუდგენს მოთხოვნილი ფონდის ანაწერების ნაწილს და უარყოფს სხვა ანაწერების არსებობის ფაქტს ან აცხადებს, რომ ისინი პერსონალურ ინფორმაციას შეიცავენ და ამიტომ ვერ გასცემენ გასაცნობად.

ამავდროულად, არქივმა ირაკლი ხვადაგიანს არ გადასცა უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის განყოფილებების - ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების და სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილების ფონდების ბარათები, რისი მოთხოვნითაც 2023 წლის 14 მარტს მკვლევარმა განმეორებით მიმართა არქივს.

ამავე დროს, ირაკლი ხვადაგიანმა საჯარო ინფორმაციის წესით გამოითხოვა უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის ზემოხსენებული ფონდების ანაწერების ელექტრონული ასლები, რომელიც ეროვნულ არქივს დიდი ხანია დიგიტალიზებული აქვს. 2018 წლამდე მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული არქივის ვებ-გვერდზეც იყო ხელმისაწვდომი და შემდგომ, გაურკვეველი მიზეზით წაშალეს საიტიდან.






2023 წლის 28 მარტს, ეროვნულმა არქივმა მკვლევარს მიაწოდა ფონდის ბარათების ასლები, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ უახლესი ისტორიის არქივში დაცული ფონდების ჯამი შეადგენს 1550 ფონდს (უახლესი ისტორიის არქივი - 1097 ფონდი, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება - 334 ფონდი და სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილება - 119 ფონდი) და არა 1119-ს, როგორ ეს არქივის პირველ წერილში იყო აღნიშნული.

ამავე დროს, ეროვნულმა არქივმა უარი თქვა მკვლევრისათვის ფონდების ანაწერების ელექტრონული ასლების გადაცემაზე და ვებ-გვერდზე განათავსა მხოლოდ მისი ნაწილი - 855 ფონდის ანაწერების შერჩეული ფრაგმენტები, რომელშიც არქივის მტკიცებით არ ფიგურირებს პერსონალური მონაცემები. თუმცა, განთავსებულ ანაწერებში ადვილად შეიძლება ამ "პრინციპის" დარღვევის უამრავი მაგალითის დაფიქსირება და ასევე არაა ატვირთული ზოგიერთი ფონდის ისეთი ანაწერები, რომელთაც არსებული ყველა კანონით ყოველნაირი დაცვის/საიდუმლოების ვადა აქვს გასული.




ასევე, წერილობით პასუხში, ეროვნული არქივი ამტკიცებს, რომ არქივში დაცული ფონდების ანაწერები "საარქივო ფონდის" შემადგენელი ნაწილია და მისი ასლის გადაღებისათვის მოქალაქემ დაწესებული საფასური (რაც ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემზღუდავი ნორმაა და სოვლაბის მიერ გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში) უნდა გადაიხადოს. მითითებულ დადგენილებაში და ეროვნულ არქივთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერი არსად ფიქსირდება და ეს მტკიცება არქივის მიერ კანონის და რეგულაციების უაღრესად ფართო ინტერპრეტაციას წარმოადგენს. საკმარისია თუნდაც იმ გარემოების აღნიშვნა, რომ სამკითხველო დარბაზში საარქივო დოკუმენტის იმავე დღეს გაცნობაზე ეროვნულ არქივს ერთ საარქივო საქმეზე 5 ლარი აქვს დაწესებული, როდესაც ფონდის ანაწერების აღება და გაცნობა დარბაზშივე დაუყოვნებლივ უფასოდ არის შესაძლებელი (გარდა უახლესი ისტორიის არქივის ფონდების ხსენებული ტიპის ანაწერებისა). საძიებო ინსტრუმენტების (კატალოგი, ანაწერები, კარტოთეკა და აშ.) საარქივო დოკუმენტთან გათანაბრება თანამედროვე საარქივო სფეროსათვის წარმოუდგენელი თვითშემოქმედებაა, მაშინ როდესაც ყველა თანამედროვე არქივი ციფრულ ტექნოლოგიებზე გადაწყობას, დახვეწილი საძიებო ინსტრუმენტების შექმნასა და დოკუმენტების ციფრულად ხელმისაწვდომობაზეა გადართული.


სოვლაბის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა 2023 წლის 6 აპრილს სარჩელი შეიტანა საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე უარისა და მისი ნაწილობრივ გამოქვეყნების გამო. მის ინტერესებს სასამართლოში GDI-ს იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი დაიცავს.

პარალელურად სოვლაბი აგრძელებს მუშაობას საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველ გაერთიანებულ საარქივო კატალოგზე მუშაობას, რომელიც თავს მოუყრის ყველა არქივის ფონდების კატალოგებს, ანაწერებს და მოამზადებს საფუძველს საარქივო დოკუმენტების განთავსებისათვის და შეუზღუდავი ციფრული წვდომის დამკვიდრებისათვის. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული არქივიდან საჯარო ინფორმაციის მიღების გზით გამოთხოვილი ფონდის ბარათების ინფორმაცია და ანაწერები ამ ბაზაში დაიკავებს ადგილს და ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოქალაქისათვის.