საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის განცხადება

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ სტალინის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო1. მან გაიმეორა საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მიერ შექმნილი კლიშე - საბჭოთა ბელადის “განსაკუთრებულობის” შესახებ: „სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა, ასეთები იშვიათად იბადებიან. მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა... ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე ასე ვფიქრობ“.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, როგორც ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლასა და საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებაზე მუშაობს, ასეთი განცხადება მიუღებლად მიაჩნია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. პატრიარქის განცხადება არის ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაცია: საკმარისია გადავხედოთ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა რაოდენობას. მათ შორის იყო მასობრივი რეპრესიების შედეგად განადგურებული ქართული სამღვდელოებაც.
  2. იოსებ სტალინის ნებისმიერი ფორმით რეაბილიტაციის მცდელობა არის მილიონობით რეპრესირებული ადამიანისა და მათი შთამომავლების შეურაცხყოფა.
  3. საქართველოში დემოკრატიული და ადამიანზე ორიენტირებული ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის სრულფასოვანი გააზრებისა და მისგან გათავისუფლების გარეშე. ასეთი განცხადებები კი, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს ამ პროცესს.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დიდ ავტორიტეტს, საბჭოთა დიქტატორის განმადიდებელი მითების დამკვიდრება განსაკუთრებით არასასურველია ბოლო დროს სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საქართველოში საბჭოთა პერიოდის ისტორიის ფუნდამენტური შესწავლისა და ანალიზის მნიშვნელობას.

მოვუწოდებთ მეცნიერებს, პოლიტიკურ წრეებს, მედიას და მთლიანად ქართულ საზოგადოებას, გამოიკვლიონ და გაიაზრონ საბჭოთა პერიოდის სისტემური დანაშაული და ამით პატივი სცენ სტალინური სისტემის მსხვერპლთა ხსოვნას.

თბილისი, 01/08/2013

___________________________________

 
ინტერვიუს სრული ტექსტი რუსულ ენაზე: http://kavpolit.com/byli-bratyami-i-ostanemsya-bratyami/    ინტერვიუს ნაწყვეტი ქართულ ენაზე:  http://www.netgazeti.ge/GE/105/News/22214/