ამბები

გიორგი ყურულაშვილი

Wednesday, მარტი 6, 2013 - 13:03

დაიბადა შორაპნის მაზრის დაბა ჩხარში, ხელოსნის ოჯახში. სწავლობდა ჩხარის სამრევლო სკოლაში, რომელიც მალევე მიატოვა ოჯახის ხელმოკლეობის გამო. 1905 წლიდან მუშაობდა შეგირდად ადგილობრივ სამკერვალო სახელოსნოში.


1909 წელს გადავიდა ტფილისში, სადაც სხვადასხვა სახელოსნოებში მუშაობის დროს, 1909 წელს შევიდა რსდმპ-ში (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტი). პარტიის ტფილისის კომიტეტის დავალებით მუშაობდა ორგანიზატორად და მონაწილეობდა ე.წ. „სახალხო უნივერსიტეტის“ საქმიანობაში.


დააპატიმრეს 1910 წლის აპრილში. იჯდა მეტეხის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ კვლავ აგრძელებდა არალეგალურ მუშაობას; აქტიური მონაწილეობა მიიღო ტფილისის მკერავთა გაფიცვაში 1914 წლის დასაწყისში. ამავე წლის აპრილში დააპატიმრეს და სამი თვის შემდეგ გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში, 1915 წლის თებერვალში კი სარატოვში გადაიყვანეს, სადაც განაგრძო არალეგალური საქმიანობა ადგილობრივ მოსახლობასა და გადასახლებულთა შორის. ადგილობრივი პარტიული კომიტეტის დვალებით არალეგალურად წავიდა სამარაში, სადაც მოახერხა მილების დამამზადებელ ქარხნის მუშად მოწყობა. აქვე გახდა ლეგალურად გამომავალი გაზეთის „ჩვენი გაზეთის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1916 წლის აპრილში, ჟანდარმერიის მხრიდან დევნის გამო ყურულაშვილი იძულებული გახდა პერმში გადასულიყო, მაგრამ ორი თვის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა და ირკუტსკის გუბერნიის ვერხოლენსკის მაზრაში გადაასახლა სადაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე იმყოფებოდა. 1917 წლის მარტში დაბრუნდა სამარაში და ისევ მილების დამამზადებელ ქარხანაში განაგრძო მუშაობა. აირჩიეს საქარხნო კომიტეტის წევრად, შემდგომში კი ამავე კომიტეტის თავმჯდომარედ. აქ გიორგი ყურულაშვილი იქცა მელითონეთა პროფკავშირის ჩამოყალბების ერთ-ერთ ინიციატორად, რომლის გამგეობის წევრადაც აირჩიეს, მოგვიანებით კი თავმჯდომარის მოადგილედ. 1917 წლის ბოლოს ყურულაშვილი სამარის პროფსაბჭოს თავმჯდომარეა.


1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, იგი კვლავ რჩება პროფკავშირულ სამუშაოებზე. ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა სამარაში მუშათა რაზმების დაკომპლექტებაში, რომლებსაც შეტაკება უხდებოდათ „ჩეხოსლოვაკიურ კორპუსთან“. ამ უკანასკნელთა მიერ სამარის დაკავების დროს, 1918 წლის ივნის-ივლისში იმყოფებოდა ტყვედ. წითელი არმიის მიერ სამარის დაკავების შემდეგ გათავისუფლდა და გადავიდა პარტიულ სამუშაოზე. 1918-19 წლებში იყო პარტიის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე სამარაში, ასევე საგუბერნიო კომიტეტის წევრი.


1920 წელი იანვრიდან იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასკომის სააგიტაციო მატარებლის „წითელი აღმოსავლეთი“-ს ინსტრუქტორი. 1920 წლის ივნისიდან ყურულაშვილი ბაქოში მუშაობს აზერბაიჯანის კომპარტიის ცეკას ხსაორგანიზაციო- საინსტრუქტორო და აგიტ- პროპის განყოფილებაში, შემდეგში კი აზერბაიჯანის პროფკავშირთა საბჭოში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გიორგი ყურულაშვილი მუშაობდა საქართველოს პროფ საბჭოს მდივნად, კულტსაგანმანათლებლო განყოფილების გამგედ და თავმჯდომარედ. 1926 წლიდან იყო გაზეთ „მუშა“-ს რედაქტორი, ჟურნალ „მნათობი“-ს რედაქტორი. შედიოდა კომპარტიის ცეკასთან არსებული პარტიის ისტორიის კომისიაში. 1928 წლის აგვისტოდან საქართველოს სსრ-ს უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეა. 1927 წლის ივნისიდან 1928 წლის სექტემბრამდე საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი. 1930 წლის ნოემბრიდან საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიუროს პრეზიდიუმის წევრი. 1931 წლის ნოემბრიდან საქართველოს კომპარტიის ცეკას მე-3 მდივანი და ბიუროს წევრი. იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

 


გიორგი ყურულაშვილი 1937 წელს, დაპატიმრებისას, მუშაობდა ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის თანამდებობაზე.


1937 წლის 11 ივლისს, გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა გამოხმაურებები საქართველოს სსრ-ს უზენაესი სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით, რომლის პრესაში გამოცხადების ნებართვა 30 ივნისს, სპეციალურად გამოითხოვა საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანმა ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ, სსრკ-ს პროკურორის ანდრეი ვიშინსკისა და პოლიტბიუროსაგან. საქართველოს სსრ-ს უზენაესმა სასამართლომ რვა განსასჯელს: ბუდუ მდივანს, ნიკოლოზ ქარცივაძეს, სიმონ ჩიხლაძეს, გიორგი ყურულაშვილს, გიორგი ელიავას, მალაქია ტოროშელიძეს, მიხეილ ოკუჯავას და სიმონ ფირუმოვს, კონტრრევოლუციის, ტერორიზმის, მავნებლობისა და შპიონაჟის ბრალდებით სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. გიორგი ყურულაშვილის განაჩენი, „პირველი კატეგორიით“ 26 ივნისის თარიღით, ე.წ. „სტალინის სიებშია“ დაფიქსირებული. 11 ივლისს, გაზეთი „კომუნისტი“ წერდა:


„ . . . საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, მთელი ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი განაჩენია. სოცალისტური, ორდენოსანი საქართველოს გამყიდველთ, მოღალატეთ, საქართველოს და მთელი საბჭოთა კავშირის მშრომელთა სისხლით მოვაჭრეთ - ბუდუ მდივანს და მალაქია ტოროშელიძეს, ოკუჯავას და „ძმათა მათთა“ დანაშაულის ადგილზე წაუსწრეს. ხალხმა ფარდა ახადა მათს ჯაშუშურ, დივერსიულ, გამცემლურ, საზიზღარ, სამარცხვინო საქმიანობას და ღირსეული სასჯელი გამოუტანა - სოციალური დაცვის უმაღლესი ზომა, დახვრეტა.
ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ სცნეს მათ წინაშე წაყენებულ ყველა ბრალდებაში. მათ აღიარეს რომ შედიოდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში, ეწეოდნენ ჯაშუშობას ერთ-ერთი ბურჟუაზიული სახელმწიფოს ფაშისტური წრეების სასარგებლოდ, ახდენდნენ დივერსიულ-მავნებლურ აქტებს საქართველოს სოციალისტურ სახალხო მეურნეობაში.
გადავხედოთ ამ ბანდიტების „მოღვაწეობის“ ისტორიას. ამ არამზადებისათვის, ქვეწარმავლებისათვის განა ახალი საქმეა ხალხის ღალატი, მტრების ბანაკში გადასვლა-მოკალათება, სოციალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება, ჯაშუშობა, პროვოკატორობა? არა, „არ ახალია, ძველია“. თვითეულ ამ არამზადას აქვს ხალხის მოღალატეობის ძველი სტაჟი და სამარცხვინო ისტორია.


(შემდეგ სათითაო ჩამონათვალია ბრალდებების)


. . . ასევე ყურულაშვილიც. 1920 წლიდან აქტიური ტროცკისტი, იგი შენიღბულად „მუშაობდა“. ჭრილობას ჭრილობაზე აყენებდა ჩვენს სახალხო მეურნეობას, მავნებლობდა, ჯაშუშობდა. მაგრამ მას დანაშაულზე პირდაპირ წაასწრეს . . .
. . . ხალხმა გამოამჟღავნა ეს საზიზღრები, არამზადები, ფაშიზმის წინაშე მუცელზე მხოხავნი და რკინის ქუსლით კიდევაც გასრისა ეს ქვეწარმავალნი. შეუპოვარი, მრისხანე და ულმობელია საბჭოთა ხალხი ყველა იმის მიმართ, ვინც ცდილობს წაართვას მას სისხლით მოპოვებული თავისუფლება, დააბრუნოს კაპიტალისტები, მემამულეები, აღადგინოს კაპიტალიზმი და მონობის რკინის უღელი დაადგას ბედნიერ თაობებს.


საქართველოს მშრომელნი კიდევ უფრო შეამჭიდროვებენ თავიანთ რიგებს ჩვენი პარტიული ორგანიზაციის გარშემო, რომელსაც მეთაურობს ლენინ-სტალინის პარტიის ერთგული შვილი, ხალხის მტრებთან ბრძოლაში გამობრძმედილი, ამხანაგი ლავრენტი ბერია.


სოციალიზმის მშენებლობის მთელ ფრონტზე ახალ-ახალი მიღწევებით, ბრწყინვალე გამარჯვებით ვუპასუხოთ ხალხის მტრების თვითეულ მზაკვრულ, გამცემლურ მოქმედებას.“


ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს სასიკვდილო განაჩენის პრესაში გამოცხადების პირველი შემთხვევა იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს პირველ განყოფილებაში (ყოფილი უშიშროების არქივი), არ იძნებნება გიორგი ყურულაშვილის მიმართ საჯელის უმაღლესი ზომის სისრულეში მოყვანის ცნობა. სავარაუდოდ იგი დახვრიტეს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, განაჩენის გამოტანიდან ერთი დღის ვადაში - 1937 წლის 10 ივლისს.


1957 წლის 25 სექტემბერს, სსრკ უმაღლესმა სასამართლომ, სისხლის სამართლის საქმეთა გადამსინჯავი სასამართლო კოლეგიის 29 აგვისტოს განმარტებაზე დაყრდნობით, საქართველოს სსრ-ს უზენაესი სასამართლოს სპეციალური კოლეგიის 1937 წლის 9 ივლისის განაჩენი გიორგი ყურულოვის მიმართ, საქართველოს სსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 58-1, 58-6, 58-8, 58-11 სტ. გააუქმა და სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტა მასში დანაშაულებრივი ქმედებების არარსებობის გამო.

 

გიორგი ყურულაშვილის შვილი - ნანა ყურულაშვილის ზეპირი ისტორია.

 

ხათუნა ჭიჭინაძე

Wednesday, მარტი 6, 2013 - 12:51

 

ანა (ხათუნა) სიმონის ასული ჭიჭინაძე (1901-1938 წწ.).
 
დაიბადა ქუთაისის მაზრა სოფელ ჭოლევში 1901 წლის 1(14) იანვარს, შავი ქვის მრეწველ სიმონ ჭიჭინაძის ოჯახში. 1908-1918 წლებში სწავლობდა ქალაქ ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში. ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა დეკლამაციის ნიჭითა და პოეზიის სიყვარულით. 1919 წელს, შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, პარალელურად გახდა აკაკი ფაღავას სტუდიის მსმენელი, სადაც სამსახიობო ოსტატობის და მეტყველების კურსი ცნობილ მსახიობ ე. სატინას მიჰყავდა, ხოლო სასცენო მოძრაობას ვალენტინა ვენდეროვიჩი ასწავლიდა.
 
1923 და 1924 წლებში ფაღავას სტუდიის მოსწავლეების სასცენო გამოსვლებზე, ხათუნა ჭიჭინაძის დეკლამაციას (წაიკითხა სალომეას ეპიზოდი უაილდის „სალომეადან“, ხრისეს მონოლოგი . . .) დადებითი გამოხმაურება ჰქონდა პრესაში. 1924 წელს დაამთავრა სტუდიაში სწავლა და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში.
 
თავდაპირველად მონაწილეობდა ეპიზოდურ როლებში.  ითამაშა კოტე მარჯანიშვილისა და ალექსანდრე ახმეტელისდადგმულ პირველ პანტომიმაში - თამარ ვახვახიშვილის „მზეთამზე“. ასევე, თალო -  ნატალია აზიანის (დონდაროვა) პიესა „დეზერტირკაში“.
 
ხათუნა ჭიჭინაძის მიერ რუსთაველის თეატრში განსახიერებული პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო ტატიანა, ბორის ლავრენევის პიესა „რღვევაში“.
 
1928 წელს რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დასთან ერთად გადადის ქუთაისში, სადაც ამოქმედდა „ქუთაის-ბათუმის მეორე სახელმწიფო დრამა“. აქ შეასრულა მან მეორე ცნობილი როლი - ევა ბერგი, ერნსტ ტოლერის პიესაში - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“.
 
1930 წელს, მონაწილეობდა მოსკოვსა და ხარკოვში გამართულ გასტროლებში, სადაც მას კრიტიკა საუკეთესო მსახიობად მოიხსენიებდა.
 
გასტროლების შემდეგ, 1930 წლიდან, მარჯანიშვილის თეატრთან ერთად ბრუნდება თბილისში, სადაც ყოფილ „ზუბალშვილების სახალხო სახლში“, თეატრი „მეორე სახელმწიფო დრამის“ სახელით აგრძელებს მუშაობას.
 
 
„ყოველი სცენური სახე მის მიერ შექმნილი, იყო როგორც ვარსკვლავი, რომლის შუქი თვალს არ სჭრიდა, მაგრამ გულს სწვდებოდა . . . თბილი და მიმზიდველი იყო, ქალური სინაზით აღსავსე, საოცრად გრაციოზული და პლასტიკური.“ წერდა ვერიკო ანჯაფარიძე.
 
ხათუნა ჭიჭინაძის მიერ  განსახიერებული სხვა მნიშვნელოვანი როლებია:
 
ხასინტა - ცხვრის წყარო
ოფელია - ჰამლეტი
ხატიჯე - ხატიჯე
დარია, დესპინე - ნინოშვილის გურია
კომისარი - ესკადრის დაღუპვა
ლუიზა - ვერაგობა და სიყვარული
გულთამზე - ყვარყვარე თუთაბერი
ელენე ჩერედა - ანათეთ ვარსკვლავებო
ხიმკა - კომუნა ველზე
ბოროდინა - შიში
ზოტოვა - შიში
მირიამი - მუნჯები ალაპარაკდნენ
მარო - კაკალ გულში.
1935-1937 წლებში მუშაობდა რადიოკომიტეტში და „საქფილექტში“ (ფილარმონია).
 
დააპატიმრეს 1937 წლის 2 ივლისს, #646 ორდერით, საკუთარ ბინაში მარტის (ამჟამინდელი ნიკოლაძის) ქუჩა #7-ში.
 
1992 წელს გამოქვეყნებულ, რეპრესირებულ თეატრალურ მოღვაწეებისადმი მიძღვნილ (ავტორი ვასილ კიკნაძე) წიგნში „წამებული რაინდები“ მოყვანილია ამონარიდები ხათუნა ჭიჭინაძის სისხლის სამართლის საქმიდან, საიდანაც ირკვევა, რომ „ხანგრძლივი და შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ“, როგორც ეს დაკითხვის ოქმშია დაფიქისრებული, დაპატიმრებიდან ექვსი თვის შემდეგ ხათუნა ჭიჭინაძემ აღიარა წაყენებული ბრალდებები. ბრალდების თანახმად იგი, ქმრის - „ხალხის მტრის“,გიორგი ყურულაშვილის დავალებით, ტერორისტული აქტის მომზადებაში ღებულობდა მონაწილეობას ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ. ტერორისტთა ჯგუფში დასახელებული იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, თამარ ჭავჭავაძე, აკაკი კვანტალიანი, თამარ ვახვახიშვილი და სხვა მსახიობები. ტერაქტი ბერიაზე, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლისას უნდა მოეწყოთ. ბრალდებაში ფიგურირებს გიორგი ყურულაშვილის სხვა „დანაშაულებებიც“ - იგი გადის დრამატურგ სერგო ამაღლობელის (დახვრიტეს 1938 წლის 9 თებერვალს) საქმეში, როგორც მოსკოვის ქართული ნაციონალისტური ცენტრის ერთ-ერთი შემქმნელი და კოორდინატორი. ბრალდების მტკიცებით გიორგი ყურულაშვილმა 1935 წელს, ბაქოში სანდრო ახმეტელს, გასტროლებისას დაავალა ანტისაბჭოთა მუშაობის წარმოება. ხათუნა ჭიჭინაძის საბრალდებო დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი ყურულაშვილმა მას უთხრა: „საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რესპუბლიკა. დამოუკიდებლობის გარეშე ვერ იქნება ბედნიერი საქართველო“.
 
1938 წლის 3 მარტს, საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა, განიხილა შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყოფილების სამძებრო საქმე #9422 ბრალდებულ ხათუნა სიმონის ასულ ჭიჭინაძეზე,   (მომხსენებელი ღარიბოვი). დასკვნაში ნათქვამია:
 
„ძიების მასალებით იმხილება, რომ იყო რა საქართველოს მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელის - ყურულოვის ცოლი, ამ უკანასკნელის დავალებით ამზადებდა მებრძოლ ტერორისტულ ჯგუფს ტერაქტის განსახორციელებლად საქ კპ(ბ) მდივან ამხ. ბერიას წინააღმდეგ. თავი დამნაშავედ სცნო.“
 
სამეულის განაჩენი დახვრეტა იყო, რომელიც დაუყოვნებლივ მოჰყავდათ სისრულეში.
 
1956 წლის 18 ივლისს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა, შინსახკომთან არსებული სამეულის 1938 წლის 3 მარტის განაჩენი შეცვალა, საქმე შეწყვიტა და ხათუნა სიმონის ასული ჭიჭინაძის რეაბილიტირების გადაწყვეტილება მიიღო.
 
 
ისტორიას ყვება ხათუნა ჭიჭინაძეს შვილი - ნანა ყურულაშვილი.
 

ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. #30

Tuesday, ოქტომბერი 30, 2012 - 10:42

ამ სახლში ცხოვრობდა აბბე  შულმანი - „№1 გამასწორებელი სახლის“ (მეტეხის ციხე) კომენდანტი 20-იანი წლების დასაწყისში, რომელიც პირადად ასრულებდა პატიმრების სასიკვდილო განაჩენს, რის გამოც ზედმეტსახელად „სიკვდილის კომენდანტს“ ეძახდნენ. თანამედროვეთა თქმით, შულმანის სისასტიკე  და დაუნდობლობა შიშს გვრიდა არა მარტო პატიმრებსა და რიგით მოქალაქეებს, არამედ თვით „ტერორის ჩინოვნიკებსაც“. მისი სახელი ამიერკავკასიაში  წითელი ტერორის სიმბოლოდ იქცა. საარქივო მონაცემებით, იგი 1925 წელს უკვე ყოფილ ჩეკისტად ირიცხებოდა, მისი შემდგომი ბედი კი უცნობია.

ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. #18

Tuesday, ოქტომბერი 30, 2012 - 11:07

ამ შენობაში 1921-1937 წწ. ცხოვრობდა ცნობილი ქართველი პოეტი ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძე.

სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის ფუძემდებლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ, პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო და დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს.
 
ტ. ტაბიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრი.
 
1937 წ. კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააკავეს ტაბიძეც და 15 დეკემბერს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, ქონების კონფისკაციით.
 
სახლში ამჟამად განთავსებულია ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმი.
 

იმელის შენობა

Sunday, ნოემბერი 11, 2012 - 18:40

შენობათა ბედი ადამიანებზეა დამოკიდებული. ამიტომაც ზოგჯერ მათი ხვედრი ადამიანურ ტრაგედიას ემსგავსება. ერთი ასეთი შენობათაგანია „იმელი“ - ერთ დროს დიდი პომპეზურობით აგებული, ლამის რელიგიის რანგში აყვანილი მარქსიზმ-ლენინიზმისა და ბოლშევიკური პარტიის ისტორიის კვლევის სამეცნიერო კერა, მოგვიანებით - დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი სახიზარი, დღეისათვის კი სახურავ-გადახდილი და გამოცარიელებული. ამ სტატიაში ”იმელის” შენობის საინტერესო და მძიმე თავგადასავალზე გიამბობთ.

 

ავტორი: ალექსანდრე ელისაშვილი

პაოლო იაშვილის ქ. #7

Monday, ოქტომბერი 29, 2012 - 19:50

ამ შენობაში 1921-1937 წწ. ცხოვრობდა ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე პავლე ჯიბრაილის ძე იაშვილი.

 
პაოლო იაშვილი დაარსების დღიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა მწერალთა კავშირის საქმიანობაში. მისი უშუალო რედაქტორობით ქუთაისში გამოიცემოდა ორი ჟურნალი: "ოქროს ვერძი” და ცისფერი ყანწები”.
 
1927 წელს პ. იაშვილი  საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად დაასახელეს; 1934 წ. კი ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და სსრკ-ს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად აირჩიეს; დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
 
1936-1937 წწ. მიმდინარე კამპანია „ანტიპარტიული კონტრრევოლუციური მემარჯვენე ტროცკისტული ცენტრის“ წინააღმდეგ შეეხო მწერალთა გარკვეულ ჯგუფსაც. 1936 წ. 10 ნოემბერს პაოლო იაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში მოწმის სახით დაკითხეს.
 
1937 წ. 15 მაისის მოხსენებაში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ `ცისფერყანწელების“ არასანდო და საეჭვო საქმიანობაზე  ისაუბრა.
 
საქართველოში მწერალთა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირთა წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის საპასუხოდ, პაოლო იაშვილმა 1937 წ. 22 ივლისს, საქართველოს მწერალთა კავშირის შენობაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
 

 

გერონტი ქიქოძის ქ. #11

Monday, ოქტომბერი 29, 2012 - 14:42

ამ შენობაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პარტიული მუშაკები და  საბჭოთა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ცხოვრობდნენ.

1921-1941 წწ. ცხოვრობდა  ფილიპე ესეს ძე მახარაძე. ის 1921 წ. საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე იყო; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს, ამიერკავკასიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობაზე.
 
წარმატებული პარტიული კარიერის მიუხედავად, მახარაძეს არ აცდენია 1930-იანი წლების ტერორი. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს მისი სიძე - დავით გრიგორის ძე დოლიძე (ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი), 1938 წელს კი - მისი ძმისშვილი.
 
აქვე 1921-1933 წწ. ცხოვრობდა ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი. იგი 1921 წელს საქართველოში შემოსული წითელი არმიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, შემდგომში ეჭირა სხვადასხვა მაღალი  თანამდებობა საქართველოს და ამიერკავკასიის პარტიულ და სამთავრობო სტრუქტურებში. 1937 წ. აპრილში ორახელაშვილი ასტრახანში გააგზავნეს. იმავე წელს დააკავეს დეკემბერში; შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა ორახელაშვილს დახვრეტა მიუსაჯა.
 
დააპატიმრეს მისი მეუღლეც, მარია მიქელაძე-ორახელაშვილი (1881-1937), პარტიის წევრი 1906 წლიდან, საქართველოს განათლების ყოფილი სახალხო კომისარი; დაკავებამდე მუშაობდა რსფრ-ის განათლების სახალხო კომისარიტის სამმართველოს უფროსად.  1937 წ. მარია მიქელაძე-ორახელაშვილსაც კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
 
ამავე სახლში 1932-1937 წწ. ცხოვრობდა ცნობილი ქართველი დირიჟორი ევგენი სიმონის ძე მიქელაძე. 1937 წლიდან ე. მიქელაძე ხელმძღვანელობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს;  დაარსა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. ე. მიქელაძე იყო მამია ორახელაშვილის სიძე - მისი ქალიშვილის, ქეთევან ორახელაშვილის ქმარი.
 
1937 წ. 13 დეკემბერს ევგენი მიქელაძე დახვრიტეს.
 
ე. მიქელაძის გასამართლების შემდეგ დააპატიმრეს მამია ორახელაშვილის ქალიშვილი და ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილი, რომელმაც  17 წელიწადი გადასახლებაში დაჰყო.
 
აქვე ცხოვრობდა ილარიონ ილარიონის ძე ტალახაძე, რომელიც  1921 წელს  სამხედრო - რევოლუციური  ტრიბუნალის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1921-1922 წლებში იყო სამხედრო-საზღვაო შტაბის კომისარი. 1921-1924 წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა კომისრის მოადგილედ. 1928-1931 წწ. იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 1937-1938 წლებში, როგორც საქართველოს სსრ-ის პროკურორი, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული სამეულის წევრი; მისი გადაწყვეტილებით და ხელმოწერით უამრავი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს.

 

ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. #27

Tuesday, ოქტომბერი 30, 2012 - 10:48

ამ სახლში 1936-37 წლებში ცხოვრობდა თენგიზ გიგოს ძე ჟღენტი (1887-1937 წწ). დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ დაბლაციხეში. რსდმპ-ს წევრი 1903 წლიდან. მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციურ მოძრაობაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს არალეგალური საქმიანობის გამო. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს იმყოფებოდა ირანში, სადაც აირჩიეს შერიფხანას მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამავე დროს იყო კავკასიის არმიის სამხარეო საბჭოს წევრი. 1918 წლიდან  ბოლშევიკებთან მუშაობდა. 1919 წელს ოდესის სამხედრო საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარეა და იბრძვის დენიკინის წინააღმდეგ. კომინტერნის პირველი კონგრესის დელეგატი 1919 წელს. 1920 წელს მონაწილეობს აზერბაიჯანის გასაბჭოებაში. თბილისში დაბრუნებისას აპატიმრებენ და ათავისუფლებენ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შემდეგ. მუშაობს „კომუნისტისა“ და შემდეგ „საქართველოს კომუნისტის“ რედაქციის მდივნად. კვლავ აპატიმრებენ 1920 წლის ივნისში. 1921 წლის მარტში ბათუმის რევკომის წევრის და ბათუმის ოლქის სამხედრო კომისრის რანგში, გიორგი მაზნიაშვილთან ერთად მონაწილეობს ბათუმიდან ოსმალთა ჯარის განდევნაში. იყო აქტიური „ნაციონალ-უკლონისტი“. აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი 1925-26 წლებში. 1927 წლიდან მუშაობს საქართველოს კომპარტიის ცეკას საორგანიზაციო განყოფილებაში, შემდეგ კი ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების გამგედ. 1929 წელს აირჩიეს საქ. კპ (ბ) ცკ-ს წევრად, 1933 წელს კი საქართველოს სსრ ცაკის მდივნად. 1937 წელს მუშაობდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის  სარედაქციო კომისიაში. თავი მოიკლა თბილისში, საკუთარ ბინაში 1937 წლის 24 მაისს.

შოთა რუსთაველის გამზ. #17

Tuesday, ოქტომბერი 30, 2012 - 11:16
ამ შენობაში 1935 წლამდე ცხოვრობდა ცნობილი ქართველი რეჟისორი და თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი.
 
1936 წ. 19 ნოემბერს  სანდრო ახმეტელი შინსახკომის თანამშრომლებმა დააკავეს "მწვანე თეატრში" და მოსკოვიდან თბილისში გადმოიყვანეს. სანდრო ახმეტელს წაყენებული ჰქონდა ბრალდებები, რომ იგი ეწეოდა დაზვერვით-ჯაშუშურ საქმიანობას, იყო კონტრრევოლუციური ტერორისტული ტროცკისტულ-ზინოვიევისტური ორგანიზაციის წევრი და ა.შ. საქმის გამოძიება 7 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
 
1937 წ. 28 ივნისს საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ალექსანდრე ახმეტელს და თეატრის თანამშრომლებს - პლატონ კორიშელს, ელგუჯა ლორთქიფანიძეს, ია ქანთარიასა და ივანე ლაღიძეს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით მიუსაჯა დახვრეტა, ქონების კონფისკაციით.  1937 წ. 29 ივლისს კი - რუსთაველის თეატრის თანამშრომლებს თამარ წულუკიძე-ახმეტელს, ბუჟუჟა შავიშვილისა და ნინო ღვინიაშვილს - ათწლიანი პატიმრობა. 

ლადო ასათიანის ქ. #29

Monday, ოქტომბერი 29, 2012 - 13:30

ამ შენობაში 1936 წლამდე ცხოვრობდა ლიდია ილარიონის ასული გასვიანი.


1936 წ. 20 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა ლიდია გასვიანი, რომელიც სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.


ლიდია გასვიანი ბრალდებული იყო, როგორც საქართველოში კონტრრევოლუციური ტროცკისტული ტერორისტული ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; თითქოსდა ეწეოდა აქტიურ ტროცკისტულ საქმიანობას პარტიის გენერალური ხაზის საწინააღმდეგოდ, ამავდროულად ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელების წინააღმდეგ.


1937 წ. 25 ივნისს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ლ. გასვიანს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.